31 აგვისტო, 2017

“თოჯინების მშენებარე შენობასთან კარავში გელოდებით”

თბილისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი თოჯინების თეატრის მშენებარე შენობასთან 19 საათზე აქციას გამართავს.

ინფორმაცია ამის შესახებ ელენე მაცხონაშვილმა თავად გაავრცელა:

“ახლა, უფრო ყურადღებით!

ჩვენი მსახიობები შეხვდნენ კულტურის მინისტრს და მინისტრის მოადგილეებს. თეატრის მსახიობებმა დააფიქსირეს უპირობო მხარდაჭერა, სანაცვლოდ კი მიიღეს პასუხი – ახალი ვერსია/კომპრომატი ჩემს წინააღმდეგ, რომ მე როგორც ხელმძღვანელს (თითქოს) დაშვებული მაქვს შეცდომები მშენებლობასთან დაკავშირებით და ნოლია ჩემი კომპეტენცია მშენებლობასა და მშენებლობასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებში და უფრო მეტიც, 7 ხმაც რომ მქონოდა, მინისტრის მოადგილე მაინც არ დაუჭერდა მხარს ჩემს დანიშვნას. ხაზი მინდა გავუსვა – მინისტრის მოადგილე და არა – მინისტრი.

ასევე, ითქვა, რომ თუ მოვა ახალი (ანუ მეორე) ხელმძღვანელი, სამინისტრო გააგრძელებს თოჯინების თეატრის მხარდაჭერას და ყველაფერი კარგად (უკეთ) იქნება… და თუ მე დავრჩები, ფინანსურ რესურსს სხვა სიპებისკენ გადაისვრიან.

მე კითხვები აღარ მაქვს… 7-ზე თოჯინების მშენებარე შენობასთან კარავში გელოდებით.”