31 აგვისტო, 2017

“შეურაცხყოფილი ვარ!”

რეჟისორი გიორგი სავანელი კულტურის სამინისტროს მიერ სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსის თემას ეხმაურება:

“კულტურის სამინისტროს მიერ სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსის შესახებ გაჟღერებულ ხმაურს რამდენიმე დღის წინ გამოვეხმაურე ჩემს უფროს კოლეგასთან მიმართებაში… რა მეგონა ჩემს თავზეც თუ მომიწევდა დაწერა.

ამ კონკურსში მეც მივიღე მონაწილეობა სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე შევიტანე განაცხადი.

თუ ვინმეს გაეღიმება სენაკი ვიღას დაკარგვიაო, შეუძლია აღარ გააგრძელოს კითხვა და საკუთარი „სელფის“ ატვირთვით დაკავდეს ისევ. მე ვიტყვი, რომ ჩემთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია რეგიონები, ვინც მიცნობს და იცის განსაკუთრებით ჩემი ბოლო წლების საქმიანობა, იმას ეს არ გაუკვირდება. უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, იქ სადაც კრიზისულ სიტუაციაში საზოგადოებრივი ცნობიერება, წვდომა კულტურის, ხელოვნების და განათლების სფეროზე და ა.შ. ამის გარკვეულწილად გამოსწორების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი მიმაჩნია კულტურაა და განათლება. ასევე, რაკი ზედმეტად კარგადაც კი ვიცნობ რეგიონების პრობლემებს, საჭიროებებს და მაქვს სურვილი, მიზანიც კი ჩემი წვლილი შევიტანო ამ საკითხის პოზიტიური ცვლილებისათვის გადავწყვიტე სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად მიმეღო მონაწილეობა კონკურსში.

რატომ სენაკი? იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად რეგიონულ თეატრებში ,რაც იქ დედაქალაქიდან ჩავიდნენ და მუშაობა დაწყეს ახალმა ხელმძღვანელებმა, მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვალა. სენაკის თეატრი კი ერთ-ერთ იმ თეატრად რჩება, რომელმაც ვერ შეძლო სულ მცირე აქტიური მუშაობა და ინტენსიური რეპერტუარის შექმნაც კი. ქართული თეატრის კვლევის ცენტრის სტატისტიკის მიხედვით იგი სეზონის მანძილზე 14 წარმოდგენის თამაშს ახერხებს მხოლოდ, რაც თითქმის სრულად მეტყველებს იქ არსებულ ვითარებაზე. ჩემი გეგმა კი არა მხოლოდ ამ ხარვეზის გამოსწორებას, არამედ სენაკის თეატრის კულტურის და შემეცნების ცენტრად ქცევას ისახავდა მიზნად და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიოენის კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შემიძლია გაგაცნოთ თეატრის განვითარების სტრატეგია, რომელიც კონკურსის პირობების შესაბამისად წარვადგინე, რომელიც საკმაოდ ვრცელია, ფბ-სტატუსი ვერ დაიტევს.

თეატრალურ წრეებში ინფორმაცია ადვილად ვრცელდება, სამინისტროს წარმომადგენელმაც დამიდასტურა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევმა სარეკომენდაციო საბჭომ მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინა და რეკომენდაცია გაუწია ბ-ნ ირაკლი ადამიას – აქამდე ბოლო არაერთი წლის მანძილზე მოქმედ სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელმაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვაკნინებ არანაირად მის პიროვნებას, მაგრამ ფაქტია, ვერ შეძლო თეატრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სენაკის თეატრი ახალ მთავრესავით მხოლოდ რეგიონალური თეტარების ფესტივალზე გამოანათებს და დანარჩენი… ისე, რომ აქტიური თეატრმცოდნეებიც კი არ არიან ინფორმირებული ამ თეატრში არსებული შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ.

ამ ფონზე ჩემთვის გამოწვევა იყო/იქნებოდა ამ თეატრის გამოცოცხლება და სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ერთი სიტყვით, სარეკომენდაციო საბჭომ მხარი არ დამიჭირა? საბჭოს წევრთა კომპეტენციაში ეჭვის შეტანას არ ვაპირებ, მაგრამ ეჭვი მაქვს რამდენად დამოუკიდებლები იყვნენ ისინი გადაწყვეტილების მიღებაში? მით უფრო რომ ამ თემის გარშემო გავრცელებული ხმები, რომელმაც უკვე საზოგადოებაშიც გაჟონა ამის ეჭვს კიდეც უფრო ამძაფრებს! ამიტომ მე მიმაჩნია, რომ სამინისტროს და საბჭოს მხრიდან ღიაობა და საკითხის დეტალების განხილვა საუკეთესო საშუალება იქნება ამ ეჭვების გასაფანტად.

მე მაქვს კითხვები, რომელზეც ჩემი ლეგიტიმური უფლებაა მივიღო პასუხი. რატომ ვერ გაიმარჯვა და რატომ არ დაუჭირეს მხარი ჩემს მიერ წარდგენილ სენაკის თეატრის განვითარების გეგმას, როცა იგი უზუსტესად იყო ორიენტირებული თეატრის საჭიროებებზე, მუნიციპალიტეტის სრულად დაფარვაზე, სხვადასხვა სახის არაფორმალური განათლების აქტივობების შეთავსებაზე, სოციალურ შეღავათებსა და საჭიროებებზე, რეგიონის მასშტაბით ოპერირებაზე და საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე, დასის ახალგაზრდებით გამრავალფეროვნებაზე და სხვა…

ამიტომ, ბატონო მინისტრო, ქალბატონო და ბატონო სარეკომენდაციო საბჭოს წევრებო, მე არ ეტაპზე აღნიშნული ფაქტისათვის რაიმე კვალიფიკაციის მინიჭებისაგან თავს ვიკავებ და მაქვს იმედი თქვენთვის მთავარია ამა თუ იმ თეატრის უკეთესი მომავალი, რათა თეატრებმა შეძლონ საკუთარი ფუნქციის სრულყოფილად შესრულება და მეტი ადამიანის განვითარებაზე მოახდინონ დადებითი გავლენა.

გამომდინარე აქედან, გთავაზობთ დამიბაროთ და წარვდგე სარეკომენდაციო საბჭოს წინაშე, ბატონი მიხეილ გიორგაძის თანდასწრებით, სადაც ამ საკითხს თავიდან განვიხილავთ, დამისაბუთებთ რა დაუწუნეთ ჩემს გეგმას და რითი სჯობდა ჩემი კონკურენტის გეგმა ჩემსას. სადაც ჩემს კითხვებსაც გასცემთ პასუხს და თუ დამატებით რაიმე დასაზუსტებელი გექნებათ, მზად ვარ კიდევ უფრო დეტალურად განგიმარტოთ სენაკის თეატრის განვითარების ჩემეული გზა. უმნიშვნელოვანესი იქნება თუ ამ შეხვედრაზე მოწვეული იქნება თქვენგან რეკომენდაციამიღებული ბ-ნი ირაკლი ადამია და ჩვენი ხედვები თეატრის შესახებ პარალელურ რეჟიმში იქნება განხილული. ეს არის ერთადერთი გზა, რომ თავი დაიცვათ თქვენ ობექტური თუ სუბიექტური ბრალდებებისაგან და გამჭვირვალე პროცესის წარმართვას შეუწყოთ ხელი.

თუ აღმოჩნდა, რომ მე რაიმეში ვცდები და უსაფუძვლო იყო პრეტენზია, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს!!!
ახლა კი შეურაცხყოფილი ვარ, რადგან ჩემთვის აუხსნელია რატომ არჩიეთ წარუმატებელი თეატრის ხელმძღვანელი?

ეს სენაკის თეატრისათვის სულ ცოტა 4 წლიანი სტაგნაცია იქნება…

თქვენი კეთილგონიერების იმედი მაქვს და მჯერა, რომ ნებისმიერი თეატრის წინსვლა გსურთ.
თუ ჩემს მიერ შემოთავაზებულ უდავოდ დემოკრატიულ შემოთავაზებას წაუყრუებთ, გამოდის რომ… თუმცა ამაზე მერე, ვნახოთ რა „გამოვა“!

და ბოლოს, სენაკის თეატრის რეაბილიტაციას ახორციელებს ფონდი „ქართუ“, ფანტასტიურია! მაგრამ, რისთვის იხარჯება უზარმაზარი თანხა?! რომ თეატრმა სეზონზე 14 წარმოდგენა ითამაშოს და ნახევრად სულთმობრძავის მდგომარეობაში გააგრძელოს „ხროტინი“ უბრალოდ გაზიმზიმებულ ნაგებობაში? მაშინ ამაოა ქართუ ფონდის ამაგი, თეატრი მხოლოდ შენობა ხომ არ არის…”