17 აგვისტო, 2017

სარაევოს კინოფესტივალის გრანპრი ანა ურუშაძეს

რეჟისორმა ანა ურუშაძემ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – გრანპრი თავისი სადებიუტო ფილმით “საშიში დედა” მოიგო.

სასიხარულო ინფორმაცია ანას მამამ, რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გაავრცელა.

“საშიში დედა” რამდენიმე დღის წინ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. ფილმის პრემიერა სწორედ ამ ფესტივალზე შედგა და ანას “ოქროს ლეოპარდი” გადაეცა საუკეთესო დებიუტისათვის. რეჟისორმა მეორე ჯილდოც მიიღო – დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი კინოფესტივალის საუკეთესო ფილმისათვის.

მხატვრული ფილმი 50 წლის ქალის, მანანას ცხოვრებას ასახავს, რომლის როლსაც ნატო მურვანიძე ასრულებს.