12 აგვისტო, 2017

“ძალიან მაწუხებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამარცხვინო მდგომარეობა”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოუწესრიგებელ და სამარცხვინო მდგომარეობაზე წუხს:

“ძალიან მაწუხებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოუწესრიგებელი, ვიტყოდი – სამარცხვინო მდგომარეობა: შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ხომ არ შეისვლება, ისეთ მდგომარეობაშია შენობა და ექსპზიცია, ხოლო სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ვერ იქნა დასრულებული წინა წლებში მიმდინარე მისი სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

მეტნაკლებად ნორმალურად გამოფენილია მხოლოდ ძველი საუკუნეების (ე.ი. ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდელი პერიოდის) ოქროს ფონდი, სხვა ყველაფერი ძალიან უგემოვნოდ, ძველი ვიტრინებით, სრულიად შეუსაბამოა თანამედროვე მუზეუმისათვის.

ეს ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, არა იმიტომ რომ მუზეუმს არ ჰყავს სათანადო კოლექტივი, არამედ იმიტომ, რომ აქამდე სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა არ გამოყვეს სათანადო ფინანსები საამისოდ. ეროვნული მუზეუმის მდგომარეობა სრულიად მიფუჩეჩებულ-მიგდებულია.

მე არ ვიცი რას ფიქრობს ხელისუფლება, ან რატომაა სამეცნიერო-სახელოვნებო საზოგადოება ჩუმად: ნუთუ ასეთი უგულვებელსაყოფი საკითხია ქვეყნის ცენტრალური მუზეუმი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი?! როდის გვექნება თბილისში თუნდაც მესტიის და ახალციხის მუზეუმების დონის სამუზეუმო სივრცე?!

პ.ს. ამას დავუმატოთ ჯანაშიასა და ამირანაშვილის სახელობის მუზეუმებს შორის მშენებარე მონსტრი სასტუმროს მშენებლობის საკითხი, ნიუ იორკის ტყუპების ბედისგან დაგვაფიქროს ღმერთმა და იგივე რომ მოხდეს თბილისში, ეს ორი მუზეუმი მაგ მონსტრის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდება…”