Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათო მაღრაძის იტალიური წარმატება

5 აგვისტო, 2017

დათო მაღრაძის იტალიური წარმატებაქალაქ რეჯო კალაბრიაში გამართულ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ,,Xenia Book Fair” წელს საპატიო სტუმრის სტატუსით ორი ქართველი – პოეტი დათო მაღრაძე და იტალიურენოვანი მწერალი რუსკა ჟორჟოლიანი იყვნენ წარდგენილები.

ფესტივალის ფარგლებში გამომცემელმა ვალენტინა ალფარანომ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა რუსკა ჟორჟოლიანი და მისი რომანი “შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი”, რომელმაც იტალიელი მკითხველისა და კრიტიკის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ფესტივალის ორგანიზატორებმა საგანგებო შეხვედრა მოუწყეს მათთვის უკვე კარგად ცნობილ პოეტ დავით მაღრაძეს, რომელმაც გასულ წლებში სწორედ ამ რეგიონში მოიპოვა საერთაშორისო პრემიები “ანასილაოს” და “ჩინგარი”.

ამჯერად გამომცემლობა “Leonida Edizioni’’-ს ინიციატივით დასტამბული წიგნის “დათო მაღრაძე, თავისუფლების პოეტის” პრეზენტაცია შედგა. წიგნში შესულია ქართველი პოეტის შემოქმედებითი ბიოგრაფია და მწერალ ვალერია სიკლარის ვრცელი ინტერვიუ ქართველ პოეტთან, რომელიც იტალიურად ცნობილმა მთარგმნელმა და დიასპორული საზოგადოების ,,სამშობლო გულით სატარებლის” თავმჯდომარემ ნუნუ გელაძემ თარგმნა.

ქართველი პოეტისათვის ეს იტალიაში მოპოვებული პირველი აღიარება არ არის – 2008 წელს კულტურის საერთაშორისო ასოციაცია “უნივერსუმმა” წიგნისათვის “სალვე” მიანიჭა საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის მთავარი პრიზი – რომის პაპის ბენედიქტ XVI მედალი; 2009 წელს სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლისა და პუბლიცისტური საქმიანობისათვის ვერონის კულტურის აკადემიამ დააჯილდოვა ალბანელი პოეტის ანტონ მაზრეკუს სახელობის საერთაშორისო პრემიით; 2011 წელს მოიპოვა პირველი პრემია ებოლის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე; 2016 წელს კრებულისათვის “ექო” რომში მოიპოვა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის “ჯაკომო ლეოპარდის სახელობის საერთაშორისო პრემია”.

დავით მაღრაძე „დონ ლუიჯი დილიეგროს“ და სხვა საერთაშორისო პრემიების ლაურეატია.