16 აგვისტო, 2017

“არ გვჯეროდა, რომ მსგავსი რამ შეიძლება ბუნებაში მომხდარიყო”

პოეტი როი აბუსელიძე იმ ჩაშლილი კონკურსის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც თავად ტრაგიკომედია “გმირებით” უწოდა:

“ტრაგიკომედია „გმირებით“ ოღონდ ხანდახან (ანუ ჩაშლილი კონკურსის შესახებ)

დაახლოებით ოთხი თვის წინ, მწერალთა სახლში “ეროვნული ფონდიდან” ერთი გოგონა მოვიდა, რომელსაც ჰქონდა სურვილი, რომ ჩაეტარებინა კონკურსი პოეზიაში.

იქნებ დამაკვალიანოთო, გვთხოვა.

მე და გენრი ვესაუბრეთ და რაც შეგვეძლო და რა გამოცდილებაც გვქონდა გავუზიარეთ, განსხვავებული და ახალი რომ ყოფილიყო სხვა კონკურსებისგან, შევჯერდით, რომ მხოლოდ პატრიოტულ მოტივზე დაწერილი ლექსებისგან შემდგარიყო კონკურსი, შემდეგ შეერჩიათ ჟიური, ჩატარების ადგილი და დაჯილდოების თარიღი, ერთ ავტორს შეძლებოდა მხოლოდ ერთი, გამოუქვეყნებელი ლექსის გაგზავნა…

ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ამ გოგონამ აღნიშნა – დაფინანსება არის და ფული სად წავიღოთ არ ვიცით, ისე გვჭირსო, ჰოდა, კარგ რაღაცაში დავხარჯოთ გვინდაო.

ჩვენც ვუთხარით, ლიტერატურას თუ მოახმართ მაგას რა ჯობიაო და ასე კმაყოფილები დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

რამდენიმე დღეში ფეისბუქზე შემეხმიანა, დავწერე დებულება, კონკურსი გამოვაცხადე, გიგზავნი წესდებას და, აბა, გადახედეო….

დებულება იყო შემდეგნაირი:
ავტორს შეეძლო განუსაზღვრელი რაოდენობის ლექსის გაგზავნა, მხოლოდ პატრიოტულ მოტივზე, ლექსი გამოქვეყნებული იყო თუ არა, მნიშნელობა არ ჰქონდა, თუმცა სხვა კონკურსზე ის ლექსი თუ საპრიზო ადგილზე იყო გასული, მაგ შემთხვევაში დაიბლოკებაო, გაგზავნის ბოლო ვადა 2017 წლის 24 ივლისი გახლავთო, ეწერა წესებში, ეგ იყო და ეგ…

ახლა პრიზების შესახებ:
პირველი ადგილი – 3000 ლარი
მეორე ადგილი – 1500 ლარი
მესამე ადგილი – 1000 ლარი
და დანარჩენ 7 კაცს ვინც ათეულში გავიდოდა 500-500 ლარი.
ალბათ დამეთანხმებით, რომ მშვენიერი პირობებია კონკურსისთვის.
უნდა ანაზღაურებულიყო ჟიურის სამსახურიც 500-500 ლარით, სადაც ასევე 7 ადამიანი ვიყავით…

მოკლედ, ამ ხნის მანძლზე შემოსულმა ლექსების რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა და ჩვენც ვმუშაობდით, ერთ-ერთ ავტორს 20-ზე მეტი ლექსი ჰქონდა გამოგზავნილი, ზოგი ლექსი საერთოდ ლათინური შრიფტით გადაუგზავნეს ჟიურის, ზოგი მოთხრობასავით იყო აკრეფილი, დაუტეხავი სტრიქონებით და ა.შ.

პარალელურად ორ სხვადასხვა ტელევიზიაში გაჟღერდა ამ კონკურსის შესახებ, სადაც სტუმრად იყვნენ “ეროვნული ფონდის” წარმომადგენლები (ვიდეოების ლინკი იდო, რომელიც წაშალეს, სამწუხაროდ, მაგრამ ბევრმა თქვენგანმა ნახა და გემახსოვრებათ… “ერთსულოვნებაზე” გავიდა 17 წუთიანი სიუჟეტი და თუ არ ვცდები “კავკასიაზე” 8 წუთიანი, მოკლედ ორი ტელევიზია იყო უეჭველი მინიმუმ)

მხოლოდ ფულადი ჯილდო პირველ ადგილოსანს არ ვაკმაროთ, რაიმე სიმბოლო შევქმნათ, რადგან ეს კონკურსი დაინერგებაო და ხის საკმაოდ ცნობილ და წარმატებულ მოჩუქურთმეს დაამზადებინეს სკულპტურა, (ფოტო მომეპოვება) რომელიც გამარჯვებულისთვის უნდა გადაეცათ, სკულპტურა წარმოადგენდა საქართველოს რუკას და ჯიხვის ნახტომს, ასოციაციით “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”. ვინც ამზადებდა იმ ბიჭმა ჰონორარში 700 ლარი მოითხოვა, ამათმა რა 700 კაცო, 1500 ლარს მოგცემთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ექსკლუზივი იქნება და სხვა დროს არ დაამზადებ მსგავს ნაწარმსო. (დონე იზრდება რა, მაგარი ამბებია, საქართველო ჩართულია და თემები).

ასევე გაუპირდნენ რუსთაველის თეატრის მსახიობებსაც სოლიდურ ხელფასს, რომლებსაც ათეულში გასული ლექსები უნდა წაეკითხათ დაჯილდოების დღეს…

ერთ-ერთ მკერავს დაუკვეთეს ავთანდილის, ნესტან-დარეჯანის, თინათინის და ტარიელის კოსტიუმები წამყვანებისთვის, რათა უაღრესად ქართული სიტუაცია შექმნილიყო შექმნილიყო, პატრიოტული სულისკვეთებით, ეროვნული ფონით, ამბებით. ამ უკანასკნელის ხელფასი (მკერავს ვგულისხმობ) არ ვიცი რამდენი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი უტყუარია, რომ ფორმები შეიკერა.
“ეროვნული ფონდის” წარმომადგენლების თქმით, ორგანიზატორები და ჟიურის წევრები საღამოზე უნდა მისულიყვნენ ლიმუზინებით და წითელ ხალიჩაზე უნდა გაევლოთ მონაწილეებთან ერთად, ასევე ყველა ქართული ტელეარხის ჟურნალისტი გააშუქებდა პირდაპირ ეთერში ცერემონიალს და 80 ფოტოგრაფი გადაიღებდა უნიკალურ კადრებს. 80 მაინც ისე ჩანს, ამიტომ ასე დავწერ – „ოთხმოციიიიიიიიიიიი“ (ამას ამბობდა დარწმუნებით, რა თქმა უნდა, ჩვენ არასერიოზულად მიგვაჩნდა, მაგრამ ისე ამტკიცებდა, აღარ ჩავძიებივართ და არც არაფერი გვიკითხავს ზედმეტად).

გამოხდა ხანი და დაჯილდოების დღედ 14 აგვისტო დაინიშნა, ჰოდა, ასე, მტანჯველი, დამქანცველი, დაუთმენელი და გაუსაძლისი ლოდინის შემდეგ, დადგა ეს ნანატრი წუთიც.

და რა მოხდა 14 აგვისტოს:
სამი დიდი ავტობუსით ჩამოიყვანეს მონაწილეები, კონკურსანტებში იყვნენ ასევე შეზღუდული უნარის მქონე ადამიანები, უსინათლოები, მოხუცები და ა.შ.
7 საათზე ბათუმში, ბენზეს კულტურის სახლში უნდა ჩატარებულიყო ეს გრანდიოზული, საუცხოო, გადასარევი, ზეაღმატებული, აღმაფრენი, უბრწყინვალესი, ცერემონიალი და მეც სახელდახელოდ მოვემზადე, ამაღლებული განწყობა შევიქმენი და გავეშურე ბენზეს კულტურის სახლისაკენ.

იქ კი შემდეგი სურათი დამხვდა:
სამი ავტობუსი ხალხი იდგა გარეთ და შიგნით ვერ შედიოდა, (არ უშვებდნენ). დადიოდა ხმები, რომ კონკურსი ჩაიშალა, თუ რატომ, არავინ არაფერი იცოდა. ორგანიზატორებს ტელეფონი გათიშული ჰქონდათ, ჩართავდნენ, არ პასუხობდნენ და მალევე თიშავდნენ…

ორი საათი უშედეგო და გაურკვეველი ლოდინის შემდეგ, გამოჩნდა ვიღაც ქალი, “ეროვნული ფონდის” წარმომადგენელი, რომელმაც ძალიან იქედნურად თქვა, რომ ისეთი არაფერი მომხდარა ასე რომ შეშფოთდით, რა იყო 2 საათი თუ დაგვიანდა, ქართველებს ეგ არ უნდა გაგიკვირდეთ, ათის ნახევარზე “ინტურისტში” გადავინაცვლოთ და იქ იქნება რაც იქნება, დამშვიდდით, ნუ დარდობთ ნურაფერზეო, ანუ ეს გრანდიოზული, საუცხოო, გადასარევი, ზეაღმატებული, აღმაფრენი და უბრწყინვალესი ამბავი კვლავ ძალაში დარჩა…

კიდევ ორი საათი იცადა მგზავრობით დაღლილმა და მშიერმა ხალხმა, შეგახსენებთ, მათ შორის იყვნენ უსინათლოები, შეზღუდული უნარის მქონე ადამიანები, მოხუცები, ზოგ კონკურსანტს პატარა ბავშვიც ჰყავდა წამოყვანილი.

შესრულდა ათის ნახევარიც და გადაინაცვლა სასტუმრო “ინტურისტში” მონაწილეების 70%-მა, რადგან 30% უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა, ისინი ეგრევე გაბრუნდნენ უკან იმედგაცრუებულები, რა თქმა უნდა, თავ-თავიანთი ხარჯებით.

“ინტურისტში” სუფრასთან დავსხედით და არავის დანა პირს არ უხსნიდა, არც იქ გამოჩენილა არცერთი ორგანიზატორთაგანი, თუმცა კიტრი-პომიდვრის სალათი, ბადრიჯანი და ხაჭაპური არ მოგვკლებია, სამ ბოთლ ლიმონათთან ერთად.

“ეროვნული ფონდის” წარმომადგენლებს კვლავ ურეკავდნენ მონაწილეები და კვლავ უშედეგოდ, ხალხი ისევ გაურკვევლობაში იმყოფებოდა…

მოკლედ უპატარძლო ქორწილიც რომ შეაგინებდა, ისეთ გარემოში აღმოვჩნდით.

შესრულდა 11 საათი და ბოლო-ბოლო, როგორც იქნა, „არის ასრულდა ოცნება“ იეეეეეეესსსს… და გამოჩნდნენ “ღონისძიების ფუძემდებლები, გენიოსი, კრეატული, ფენომენალური უნარით დაჯილდოებული“ ორი ცალი ქალი, იგივე “გონორით”, – ნუ, მოხდა და რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება, რა გაბრაზებთო? მსგავსი რამ არ მომხდარაო? (ეს ბოლო ისე იკითხეს, ენა ჩაგვივარდა, თითქოს ახალი წელივით მოდიოდეს ჩაშლილი კონკურსების თარიღი ყოველ თორმეტ თვეში ერთხელ) ბოდიში გინდათ? კი ბატონო! აჰა, ბოდიშიო, მარა ავხსნით მალე ყველაფერს, “გაიასნდება” და ნახავთ, უბრალოდ არ იდარდოთო.

აქვე მინდა დავსძინო, რომ თემურ წიკლაური ჩამოუყვანიათ იგივე დაპირებით და საკუთარი ხარჯებით გაბრუნებულა უკან, უშედეგო ლოდინის და მისდამი უყურადღებობის გამო.

ასევე სატელეფონო ხაზზე არ პასუხობდნენ არცერთ სახელდახელოდ დაპატიჟებულ და თავიანთი სახსრებით ჩამოსულ სტუმარს, რომლებშიც ისეთი ადამიანებიც ერია, როგორებიც გახლავან ჯემალ ინჯია, თემურ ჩალაბაშვილი, ვასილ ბესელია, რუსთაველის თეატრის დამსახურებული მსახიობები, რეჟისორები, ბევრი ცნობილი პოეტი, მწერალი და ა.შ მსახიობები 4 დღით ადრე ჩამოუყვანიათ, რეპეტიციები გაიარეთო, მაგრამ არანაირი ყურადღება – მიგვიყვანეს სასტუმროში და აქ ყოფნის პერიოდში არავინ შეგვხმიანებია საერთოდ, ვრეკავთ, ვერ ვუკავშირდებითო.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იქ ატყდა ამბები, შელაპარაკებები და დაიწყო მთელი აურზაური, რომლის გახსენებაც არ მინდა, ლამის ხელით შეეხენ ერთმანეთს გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩენილი ღონისძიების რეჟისორები და კონკურსანტები, რომლებსაც რეალურად ერთი და იგივე რამ აწუხებდათ, ბოლოს როცა გაირკვა, რომ ერთ ფლანგზე “იბრძოდნენ”, დაშოშმინდნენ, ესენი კი დაშოშმინდნენ, მაგრამ ცოტა ხანში ავტობუსის მძღოლებმა მოაწყვეს “გაფიცვა” – ჩვენ კუთვნილ თანხას თუ არ მოგვცემენ, უკან არ დავბრუნდებითო. ხალხი რეალურად ქუჩაში რჩებოდა, 12 საათი დაწყებული იყო და არაფერი შეცვლილა საერთოდ.

სასაცილო ის იყო, რომ 12 საათზე, ცხელ-ცხელი კერძების შემოტანა დაიწყეს დარბაზში სრულიად მოულოდნელად, მაგრამ კუჭი ვისღა ახსოვდა. ოსტრი, პანჩური, ლიმონათი, ლექსი და დედის ტრ…ს გინებები ერთმანეთში ისე იყო არეული, პანდორას ყუთში არ ჩაეტეოდა.

არ დამავიწყდება ეტლში მსხდომი გოგონას სახე, უსინათლო ქალბატონის დაღლილი გამომეტყველება, კიბის საფეხურებზე ჩამომსხდარი მოხუცები, ახალგაზრდები, “კონკურსის” მონაწილეები… უკვე ფაქტი იყო, რომ მწარედ მოგვატყუეს, ძალიან მწარედ, მაგრამ გამოსავალი არსით ჩანდა… ხალხი თავიანთ სახლშიც ვეღარ ბრუნდებოდა უკვე…

შესაბამისად ჟიურის ანაზღაურება ხომ გამოირიცხა და გადაგვაგდეს, კაი, ხო, მაგრამ რისი ათეული და რისი საპრიზო, მაგის ხსენებაც არ ყოფილა….

რისი მსახიობების სოლიდური ანაზღაურება, ან მკერავის ხელფასი, რისი 1500 ლარი მოჩუქურთმეს… რისი ლიმუზინი და წითელი ხალიჩა, ველოსიპედითაც არავინ მოსულა და ფეხის საწმენდი ტილოც კი არ იდო შესასვლელში. თურმე ავტობუსის მძღოლებიც თავიანთი საწვავით და იმ იმედით წამოსულან, ადგილზე აგვინაზღაურებენ დანახარჯსო…

პირველის წუთებამდე გაგრძელდა ეს საშინელი დავიდარაბა და არეულობა, ზოგს ნერვებმა უმტყუნა, ზოგი თავისი გზით წავიდა, ზოგიც მთლად გადაირია და პატრულს იძახებდა, მოკლედ იყვირეს, იჩხუბეს, იგინეს და საშინელი სურათი დაიხატა, ბოლოს ყველა იმ აზრზე შეჯერდა, რომ ექვათ ლამაზად, გავიგებდით, უბრალოდ ყურადღების ამბავია, თორემ აღარ გვიკვირს რაც მოხდა და აღარც ვბრაზობთ, უბრალოდ აგვიხსნან, ადამიანები ვართ ბოლო-ბოლო და რატომ იმალებოდნენ მთელი დღის განმავლობაშიო…

პირველი საათი დაწყებული იყო, როდესაც ე.წ. ორგანიზატორებმა, საკუთარი ხელით გათხრილი სამარიდან ცოტა ხნით მაინც რომ ამოსულიყვნენ, სავარაუდოდ, ისესხეს გარკვეული რაოდენობის თანხა, გადაუხადეს მძღოლებს, ჩასვეს ეს ხალხი ავტობუსებში და ასე იმედგაცრუებულები გაუშვეს უკან.

წავიდნენ სტუმრები და დავრჩით ბიჭები, რამდენიმე ბათუმელი, გაოგნებულები, სიმწრის ღიმილით სახეზე და არ გვჯეროდა, რომ მსგავსი რამ შეიძლება ბუნებაში მომხდარიყო, ჩვენ რა, 87 წლის ხალხი იძახდა, ასეთი არაფერი გვინახავს და არც გაგვიგონიაო.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამნაირი გრანდიოზული, საუცხოო, გადასარევი, ზეაღმატებული, აღმაფრენი და უბრწყინვალესი კონკურსი ჩაატარეს “ეროვნული ფონდის” წარმომადგენლებმა, 2017 წლის 14 აგვისტოს ბათუმში, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება იმათ, ვინც ამ ყველაფრის მომსწრე გახლდით.

ისე, საკითხავია ეს “ეროვნული ფონდი” რომელი ეროვნული ფონდია, თვითმარქვიები არიან თუ თვითმარქვიები?

პ.ს. ბოლოს პასუხად გააჟღერეს – ერთი თვით გადავდეთ დაჯილდოება, ერთ თვეში უკლებლივ ჩამოგიყვანთ კონკურსანტებს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შეგპირდითო! უეჭველი სიტყვა თქვეს, “სტოპრაცენტნი” – წყალი რომ არ გაუვა ისეთი.”