26 აგვისტო, 2017

“ჩვენთან მადლობის თქმა ენანებათ”

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ვარძიის ფრესკების ფოტოებს აქვეყნებს რესტავრაციის შემდეგ და საზოგადოებას მეტი დადებითი ინფორმაციის მოსმენას და ადამიანებისთვის მადლობის თქმას ურჩევს.

გიორგი კალანდია:

“დიახ, გმირები არიან ჩვენი მეხანძრეები, მაგრამ ასეთივე გმირები არიან ის რესტავრატორებიც, რომლებმაც ნახაძრალის ჭვარტლს და კვამლს გამოსტაცეს ეს გაუხუნარი ფერები, ეს ძვირფასი სახეები.

ჩვენთან მადლობის თქმა ენანებათ, სკანდალების გაზიარება უფრო უხარიათ, ვიდრე წარმატებისა, ნეგატივს უფრო უსმენენ, ვიდრე დადებითს, თუმცა ასე უარყოფითად დამუხტულ საზოგადოებაში მაინც არიან ადამიანები, რომლებიც უხმაუროდ, ყოველგვარი ყიჟინისა და შეძახილის გარეშე ყოველდღე ჩადიან გმირობას და ეს გმირები ჩემთვის რესტავრატორები არიან!

მადლობა მათ, მადლობა კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს, ნანა კუპრაშვილს და უდიდესი მადლობა იმ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, რომლებიც, აი, ამ წუთასაც ხარაჩოებზე დგანან და დროს გმირულად ებრძვიან თამარის ეპოქის უკვდავი ფერების გადასარჩენად!”