24 აგვისტო, 2017

ქართველი მოცეკვავეების წარმატება მსოფლიო ასპარეზზე

ცეკვის სტუდია “თელას” მოცეკვავეები ფართო საზოგადოებამ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გაიცნო. მათი უმრავლესობა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობს და მსოფლიო მასშტაბით წარმატებებს აღწევს.

სტუდია სასიხარულო ინფორმაციას რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს წყვილთან დაკავშირებით ავრცელებს:

“რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის წყვილი, 2017 წლის ჩემპიონები ლათინო-ამერიკულო ცეკვების პროგრამით და ერთადერთი ქართველი წყვილია, რომელმაც ფეხი შედგა მსოფლიო რეიტინგის ტოპ 50-ეულში. ეს არამარტო სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის და სტუდია “თელას”, არამედ სრულიად საქართველოს მიღწევა და სიამაყეა.

მინდა მივულოცოთ რატი გაჩეჩილაძეს და კარინა ლისენკოს ეს ძალიან დიდი წარმატება. მათ დაუღალავი შრომითა და ღირსეული ცეკვით ასახელეს საქართველო და დაიკავეს დამსახურებული ადგილი მსოფლიო რეიტინგში და ვუსურვებთ მათ კარიერული წარმატების ღირსეულ გაგრძელებას.

გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მათ პირად მწვრთნელს და საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედრაციის პრეზიდენტს გიორგი გაჩეჩილაძეს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს როგორც თითოეული წყვილის, ასევე სრულიად ფედერაციის და საქართველოს წარმატებისა და მაღალ დონეზე განვითარებისათვის.