28 აგვისტო, 2017

გამორჩეული დღე “ღამის სერენადებზე”

მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” მსმენელს სიახლეს სთავაზობს. კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ჯაზი აჟღერდება.

როგორც პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, კონცერტზე მისული მსმენელი ლიანა ისაკაძეს სულ სხვა ამპლუაში იხილავდა, ის ჯაზს დაუკრავდა, ხოლო მისი მეუღლე თამაზ ჩაჩავა იმღერებდა. ბატონი თამაზის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ჩანაფიქრის განხორციელებას ხელი შეუშალა, თუმცა კონცერტი მაინც ჩატარდება და მის ხსოვნას მიეძღვნება.

28 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კლარნეტისტები ისრაელიდან – ძმები ალექსი და დანიელ გურფინკელები და მათი მამა დირიჟორი მიხაელ გურფინკელი.

კონცერტზე შესრულდება პოვოლოტსკის ებრაული სულის ფანტაზია, თხზ. 103 ა (ტრადიციულ და პოპულარულ თემებზე), სენ-სანსის „ინტროდუქცია და რონდო-კაპრიჩიოზო“, თხზ. 28 (გადამუშავებული 2 კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის რ. ფაიგელსონის მიერ), მენდელსონის საკონცერტო პიესა № 1, ფა მინორი, თხზ. 113.

Jazz – Session-ის ფარგლებში კი მსმენელისთვის ოთარ მაღრაძე, გია სალაღიშვილი და დავით საგანელიძე დაუკრავენ.