27 აგვისტო, 2017

გაგრძელდება თუ არა “ღამის სერენადები”?

ლიანა ისაკაძის მიერ წლების წინ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის “ღამის სერენადები” პირველ კონცერტზე სამწუხარო ფაქტი მოხდა, ფესტივალის საზეიმო გახსნის კონცერტზე ლიანა ისაკაძის მეუღლე თამაზ ჩაჩავა გარდაიცვალა.

მიუხედავად ასეთი სამწუხარო ამბისა, ფესტივალი მაინც გაგრძელდება და მთლიანად ლიანა ისაკაძის მეუღლის ხსოვნას მიეძღვნება.

ინფორმაციას ამის შესახებ “ღამის სერენადების” ორგანიზატორი კომპანია “გლობალ არტი” ავრცელებს:
“ლიანა ისაკაძის “ღამის სერენადების” პირველი კონცერტის დასასრულს მოხდა საშინელი ტრაგედია. საკონცერტო დარბაზში გარდაიცვალა ლიანა ისაკაძის მეუღლე პროფესორი თამაზ ჩაჩავა.

გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი თამაზ ჩაჩავას დიდი სურვილი იყო რომ ეს ფესტივალი გამართულიყო და მისი დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული მის ორგანიზებაში, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფისა და მოწვეული მუსიკოსების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფესტივალი გაგრძელდება ფაქტიურად უცვლელი პროგრამით და მიეძღვნება ბატონი თამაზ ჩაჩავას ხსოვნას.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ლიანა ისაკაძე ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, მისი სურვილია ფესტივალი გაგრძელდეს მისი მეუღლის პატივის მისაგებად!!!”