Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში

10 აგვისტო, 2017

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოშისაქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება.

ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დროებით ჩამობრძანების შესახებ.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოს რეგიონებშიც ჩააბრძანებენ, მოეწყობა გამოფენები და საერთაშორისო კონფერენცია, სადაც განხილული იქნება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხები.

ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები გადასვენებული იქნება სამების ტაძარში და საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში მორწმუნეებს მათი მოლოცვის საშუალება ექნებათ.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს. დედოფალმა უარი თქვა შეეცვალა სარწმუნოება, რის გამოც 1624 წელს ის ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს. დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე, ვატიკანში და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტერი XIX საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY–მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ს ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.