Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უნიკალური აღმოჩენა კახეთში

2 აგვისტო, 2017

უნიკალური აღმოჩენა კახეთშიარქეოლოგიური და საკონსერვაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მსხალგორში მდებარე არქიტექტურულ კომპლექსზე ახალი აღმოჩენებით დასრულდა.

წმიდა გიორგის ტაძრის ჩრდილოეთ მინაშენში აღმოჩნდა ქვის ყორეკედლიანი სამარხი. მასში დაკრძალული იყო ორი მიცვალებული ერთმანეთზე. ამ სამარხის აღმოჩენამ მინაშენში, დაადასტურა სპეციალისტთა მოსაზრება, რომ ჩრდილოეთის მინაშენი ეკვდერს წარმოადგენდა.

მეორე უბანზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა გამოავლინა სრულიად ახალი ტაძარი, რომელსაც სამხრეთით აქვს ეკვდერი. ეკვდერის ნახევარწრიული აბსიდის წინ აღმოჩნდა კარგად დამუშავებული ქვის ფილებით ნაგები სამარხი, რომელშიც ერთი მამაკაცი იყო დაკრძალული.

ტაძარი მოგვიანებით გადაკეთებულია – გაზრდილი და ამაღლებულია საკურთხეველი, ამოშენებულია კანკელი. ტაძარსა და ეკვდერს, აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს ერთნავიანი საწნახელი, რომლის გაწმენდა შარშან არქეოლოგიური სამუშაოების დროს მოხდა.

სპეციალისტების აზრით, ტაძარი თავიდანვე საძვალე სამლოცველოდ იყო ჩაფიქრებული, რომლისთვისაც საბარძიმე ღვინო ტაძრის კედელზე მიდგმულ საწნახელში იწურებოდა.

ამჟამად ტაძრის მხოლოდ ნაწილია შესწავლილი. მისი სრული კვლევა მომდევნო წელს განხორციელდება.

არქეოლოგიური სამუშაოების გარდა, კომპლექსზე საკონსერვაციო სამუშაოებიც დაიწყო. ამ ეტაპზე კომპლექსში შემავალი ორნავიანი საწნახლის კონსერვაცია განხორციელდა.