21 ივლისი, 2017

უნიკალური საჩუქარი ხელოვნების სასახლისგან

საქართველოს ხელოვნების სასახლემ 400 გვერდიანი ნაშრომი „ქსოვილი საქართველოდან” გამოსცა.

წიგნი პირველი ცდაა, შეიქმნას ქართული ისტორიული ქსოვილის შესახებ ენციკლოპედიური შრომა. ამიტომ კატალოგში დაბეჭდილია უნიკალური ქსოვილის ნიმუშები მე-7 საუკუნიდან ვიდრე მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე. წიგნში შესულია 200-ზე მეტი ფრესკა, 300-მდე ტექსტილის სახეობა. მათ შორის აღსანიშნავია VIII-XI საუკუნეების ბიზანტიური ქსოვილები სვანეთიდან.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ კატალოგში ისტორიულთან ერთად შეტანილია რეკონსტრიურებული ქსოვილი, რომლებიც მხატვრებმა ფრესკებიდან გადმოიხატეს და შემდეგ ძვირფას აბრეშუმზე აღადგინეს.

მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს და დაათვალიეროს ის ქსოვილი, რომლითაც იმოსებოდნენ საქართველოს სახელოვანი მეფეები, მათ შორის: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი მესამე. ასევე აქ მოცემულია: დადიანთა, ჯაყელთა, ერისთავთა, სურამელთა, გურიელთა ძვირფასი ქსოვილები!

წიგნის დიზაინზე შემოქმედებითი ჯგუფი 6 თვე მუშაობდა, ავტორები გიორგი კალანდია, ირინე საგანელიძე და ირაკლი ზამბახიძე არიან, სამეცნიერო რედაქტორი კი გულიკო კვანტიძეა. ტექსტები ქართულად და ინგლისურადაა შედგენილი.

წიგნში შესულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში, ეროვნული მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში და კერძო კოლექციებში დაცული ნიმუშები.

პროექტის მხარდამჭერი ნაციონალური სამოსის სახლია, კატალოგის გამოცემა და მეცნიერული კვლევა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა.

წიგნის პრეზენტაცია სექტემბერში ეროვნული კოსტუმის ძვირფასი ნიმუშების გამოფენის თანხლებით გაიმართება, ტირაჟი შეზღუდული რაოდენობითაა და მცირე ნაწილი მხოლოდ ხელოვნების სასახლის წიგნების მაღაზიაში გაიყიდება.

ფოტოები უნიკალური წიგნიდან – ალბომი ”ქსოვილი საქართველოდან”