20 ივლისი, 2017

ქართველ სცენარისტს ამერიკის ვიზა არ მისცეს

არაერთი ცნობილი პიესის ავტორს თამარ ბართაიას ამერიკის ვიზა არ მისცეს. სცენარისტი ნიუ იორკში ქართულ-ამერიკულ ფესტივალს უნდა ადსწრებოდა, სადაც მისი პიესის კითხვაა დაგეგმილი. თამარ ბართაიას ბროდვეიზე ის სპექტაკლიც უნდა ენახა, რომელიც მისი პიესის მიხედვით ამერიკელმა რეჟისორმა დადგა.

თამარ ბართაია:

“ბევრი შეკითხვა გაჩნდა ჩემს ამერიკაში წასვლათან დაკავშირებით. აქ მინდა ორი სიტყვით განვმარტო: ნიუ-იორკში ტარდება ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალი, სადაც 9 ქართველი დრამატურგის პიესაა წარდგენილი და ყოველდღე თითო პიესა იკითხება, მათ შორის ჩემი ,,კაბა”. გარდა ამისა, ჩემი კიდევ ერთი პიესა ,,სათამაშო პისტოლეტი” დადგა ამერიკელმა რეჟისორმა ბეკი ბაუმვოლმა და დღეს არის ამ სპექტაკლის პრემიერა.

კულტურის სამინისტროს და ჩემი მეგობრების ფინანსური მხადრაჭერით ვგეგმავდი ნიუ-იორკში გამგაზვრებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემდა გასაკვირად (არსად, არასოდეს არანაირი დარღვევა არ მქონია) ამერიკის ვიზა ვერ მივიღე. ამერიკული მხარე დღემდე ცდილობს, რომ ვიზა მივიღო, რადგან ჩემი სპექტაკლები ივლისის ბოლომდეა და აგვისტოშიც გრძელდება.

არ ვიცი, რამე შეიცვლება თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს ვინც ასე მგულშემატკივრობს. პირველ რიგში, ირინა გაჩეჩილაძეს, რომელიც ამ ფესტივალის სულისჩამდგმელია, საქართველოს საელჩოს ამერიკაში, კულტურის სამინისტროს, შალვა ხეცურიანს, ნიუ-იორკში მცხოვრებ ჩემს მეგობრებს, რომლებიც ყოვედღე მწერენ და მეხმიანებიან.

არ ვიცი, შევძლებ თუ არა ბროდვეიზე ჩემი სპექტაკლის ნახვას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თქვენ მოახერხებთ და მიხვალთ პრემიერაზე. იქ კი ჩემი გმირები დაგხვდებიან, რომლებიც ვიზის გარეშეც ყველაგან დადიან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ასეთი სიყვარულისთვის და გულშემატკივრობისათვის!”