Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

”მინდვრის ყვავილები დიდი ქართველებისათვის“

14 ივლისი, 2017

”მინდვრის ყვავილები დიდი ქართველებისათვის“საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ არა ერთ ორგანიზაციასთან თუ საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობს სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი პროქტებისა თუ ღონისძიებების ფარგლებში.

ამჯერად, „ეროვნული იმპერატივი“ ვაჟა-ფშაველასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების თარიღთან დაკავშირებით 14 ივლისის ღონისძიების ორგანიზატორების „ვაჟა-ფშაველას ფონდისა“ და „საქართველოს კულტურის პალატის“ მიწვევით ერთვება ღონისძიებაში „მინდვრის ყვავილები დიდი ქართველებისათვის“.

„ვაჟა-ფშაველას ფონდისა“ და „საქართველოს კულტურის პალატის“ ინიციატივით 14 ივლისს, 13 საათზე ქაშვეთის ტაძრიდან საზოგადოება ფეხით – მსვლელობით ავა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დიდი ქართველების ვაჟა-ფშაველასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის პატივსაგებად. შემდეგ კი ამ ორი დიდი მოღვაწის თემაზე პანთეონშივე გაიმართება ლიტერატურული კომპოზიცია – პერფორმანსი რომელსაც „ეროვნული იმპერატივის“ გუნდი განახორციელებს.

მხატვრულ-ლიტერატურული სანახაობისათვის ერთ პოეტურ ციკლად გაერთიანდა კლასიკოსი და თანამედროვე პოეტების ნაწარმოებები, რომელთა ნაწილი პირველად იქნება საჯაროდ წაკითხული. ეს ერთგვარი პოეტური ანთოლოგია იქნება ვაჟასა და ქაქუცას შესახებ. ლიტერატურულ დადგმაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობის მსახიობები: გიორგი იარაჯული, ქეთევან შერვაშიძე, ვაკო კობერიძე, თეკა კოხრეიძე, გიორგი გურული და გიორგი სავანელი, რომელიც აღნიშნული მხატვრული ნაწილის ხელმძღვანელიც არის.

„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ საზოგადოებრივი და საჯარო აქტივობები, რომლებიც ქართულ ეროვნულ კულტურას, მისი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გადააზრებას და აღქმას, მის პოპულარიზაციას და თანამედროვე ცნობიერებაში ინტერესის გაღვივებას ემსახურება. ამ მიზნისათვის მზად ვართ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა წარმომადგენლობებთან თუ ორგანიზაციებთან. მით უფრო სასიხარულოა, როდესაც თანამშრომლობას გთავაზობს ვაჟა-ფშაველას სახელთან დაკავშირებული ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს თავად დიდი პოეტის შთამომავალი და ნამდვილი საზოგადოებრივი აქტივისტი ქალბატონი ლელა რაზიკაშვილი. მზად ვართ საერთო იდეისათვის ნებისმიერს დავუდგეთ გვერდში, თანამოაზრეთა წრე გავაფართოვოთ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერების დაცვა-განმტკიცების საქმეში, რა გზაზეც სწორედ კულტურა მიგვაჩნია უალტერნატივოდ,“ – აცხადებს „ეროვნული იმპერატივის“ წარმომადგენელი გიორგი სავანელი.