25 ივლისი, 2017

“კიდევ ერთხელ გაიმეტა მანანა მენაბდე საკუთარმა ქვეყანამ”

– ცხოვრება გავიდა და არ დადგა ჩვენს ქვეყანაში მანანა მენაბდის დრო. ყველგან დადგა და ჩვენთან – არა! – ამბობს მწერალი მანანა დუმბაძე მომღერალ მანანა მენაბდესთან დაკავშირებით და თავის გულისტკივილს ღიად გამოხატავს:

“აღარ გათავდა: თურმე, კიდევ ერთხელ გაიმეტა მანანა მენაბდე საკუთარმა ქვეყანამ უცხოეთში გადასახვეწად. კიდევ ერთხელ თქვა უარი მის უნიკალურ ნიჭზე (ვითომ ბევრი გვყავდეს ეგეთი).

არადა, მართლა ერთადერთია იმ შემოქმედთაგან, ვისაც ასე წირავს ქვეყანა და ის მაინც არასდროს იბუტება, მაინც უკიდეგანო მოყვარული და დამფასებელია თავისი ბედკრული საქართველოსი. სხვებსავით არასდროს იცრუებს მასზე გულს და ღალატობს. მუდამ დაუღალავად შრომობს მის სასიკეთოდ, უშურველად გასცემს თავის უსაზღვრო ნიჭს (რომელსაც ყველგან ხედავენ, საქართველოს გარდა) უმადურების წინ და არასდროს წუწუნებს ამის გამო.

ცხოვრება გავიდა და არ დადგა ჩვენს ქვეყანაში მანანა მენაბდის დრო. ყველგან დადგა და ჩვენთან – არა! ოღონდ აქ არ იყოს, ოღონდ აქ არ იმღეროს, აქ არ გააკეთოს სატელევიზიო გადაცემები, სპექტაკლები, “პერფორმანსები” და სადაც უნდა იქ ეძახონ გენიოსი, “მანანა მენაბდის ფენომენი”, მოვლენა, სადაც უნდა, ოღონდ საქართველოში არა, აქ მარტო ერთი და იგივე ხალხმა უნდა იჯეჯილოს.

თურმე წლევანდელი თეატრალური ფესტივალის ქართულ “შოუ – ქეისზე” მისი, კატო ჯავახიშვილის და ნინია სადღობელაშვილის (ესეც ორი გამორჩეულად ნიჭიერი მწერალი) ექსპერიმენტული სპექტაკლი “მართლა?” ვერ გავიდა, რადგან, თურმე, მათი პიესა “შიდა მოხმარების პროდუქტი” ყოფილა (ასე ამბობენ გადაწყვეტილების მიმღებნი).

ჰოდა, მოკლედ რომ მოვჭრა, ვისაც მანანა მენაბდის “შიდა მოხმარების პროდუქტები” არ მოსწონს, ერთი თავისი “გარე მოხმარების პროდუქტებიც” გვიჩვენოს (რაღაც არ მაგონდება, რომ რომელიმეს დიდი ვარსკვლავები ეწყვიტოს მსოფლიო ცის კაბადონიდან)… თუ დაგვიბლაგვდა გემოვნება და კარგსა და უსახურს ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევთ.

რა ქნას მენაბდემ, მაინცდამაინც უნდა მოკვდეს, აზრზე რომ მოვიდეს ეს ქვეყანა და ხიდზე გავიდეს? ეს გვინდა? მერამდენეჯერ!”