18 ივლისი, 2017

ხელოვნების სასახლის და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი

18 ივლისს საქართველოს ხელოვნების სასახლეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ესტუმრნენ. სტუმრებმა მუზეუმის საგამოფენო სივრცეებთან და ფონდებთან ერთად დაათვალიერეს სასახლეში დაცული უნიკალური არქივი, რომელიც თურქეთის ქართველთა გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, ჟურნალ „ჩვენებურების“ დამფუძნებლის აჰმედ მელაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება.

მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს გააცნო სიძველეთსაცავში დაცული მელაშვილის ხელნაწერები, ფოტოები, საარქივო დოკუმენტები, ჟურნალ „ჩვენებურების“ კორესპონდენციები, აღნიშნული მასალა მუზეუმის კოლექციებისათვის 2009 წლიდან გროვდებოდა და დღეისათვის რამდენიმე ასეულ ბეჭდურ, ხელნაწერ და ციფრულ ერთეულს მოიცავს.

აჰმედ მელაშვილის მოღვაწეობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლე, რომელიც აჰმედ მელაშვილის მოღვაწობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან არქივს განკარგავს და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელმაც მიმდინარე წელს თურქეთში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში თურქეთში ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი აჰმედ მელაშვილის არქივების მნიშვნელოვანი ნაწილი გააციფრა, კოლექციებს შეაჯერებენ და სათანადო ვირტუალურ სივრცეში მკითხველისათვის ერთობლივად განათავსებენ.

აღნიშნული კოლექციების შეჯერება ხელს შეუწყობს როგორც სამეცნიერო მიმოქცევაში ახალი მასალის შემოსვლას, ისე დაინტერესებული პირებისათვის დოკუმენეტების ხელმისაწვდომობას.