17 ივლისი, 2017

ხატია ბუნიათიშვილის უარი პარიზს

პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა უარი განაცხადა პარიზში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე. ამის მიზეზი დირიჟორი ვალერი გერგიევი გახდა. ხატია ყველგან ღიად საუბრობს, რომ ამ დირიჟორთან ერთად არასდროს დაუკრავს, რადგან გერგიევი პუტინის პოლიტიკას უწევს პროპაგანდას.

ინფორმაცია ხატიას უარის შესახებ მისმა დედამ ნატალი ბუნიათიშვილმა გაავრცელა:

“ჩემო მეგობრებო, ხატიამ უარი თქვა პარიზში “ბასტილიის დღე”-ს, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტზე მონაწილეობის მიღებაზე, გერგიევის გამო.

ამით მან გააპროტესტა ის, რომ საფრანგეთში, ადამიანების უფლებების დამცველ ქვეყანაში გერგიევის მოწვევა, რომელმაც ცხინვალში იდირიჟორა რუსეთის ჯარისთვის, რომელმაც სირიაში იდირიჟორა ასადისთვის – ეს გაუპროტესტა ხატიამ ფრანგებს – როგორ კადრულობს საფრანგეთი, როგორ აყენებთ შეურაცხყოფას ადამიანის უფლებების დამცველ ქვეყანას გერგიევის მაესტროდ მოწვევით. დიახ, მართალი ხართ, ეს გააპროტესტა ხატიამ როგორც ქართველმა და როგორც მსოფლიო მოქალაქემ და უარი თქვა ამ ცდუნებაზე.

აბა, სიმღერა და დაკვრა და მერე გაპროტესტება არაფერს არ ნიშნავს. ხატიას სხვა მუსიკოსებიც ასევე რომ აყოლოდნენ, ეს მოიტანდა შედეგს და არა ის, რომ “არა ოკუპაცია” იძახო ფეისბუქზე და პარალელურად გერგიევთან ერთად იმღერო თუ დაუკრა, გინდაც ხელი არ ჩამოართვა, გინდაც ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნო…
შედეგს გამოიღებს ნამდვილი სანქცია გერგიევის წინააღმდეგ, რომელიც იქნება უარის თქმა მასთან გამოსვლაზე. ნამდვილი სანქცია მის წინაამდეგ ის არის, როდესაც აკარგვინებ სამსახურს, როდესაც მასზე უარს ამბობენ. ეს მოხდება თუკი ყველა გავაპრორესტებთ და მასზე უარს ვიტყვით.

აქ იმაზე კი არ არის კამათი, რომელი უფრო დიდი პატრიოტია (ქართველებმა ხომ ვერ მოვიშალეთ კუდაბზიკობა), არამედ იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ ისეთი პროტესტი, რიმელიც შედეგს გამოიღებს. ქართველებმა ვერ ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს, რომ ეს გაგვეპროტესტებინა. სამწუხაროდ, ქართველმა მუსიკოსებმა დაუკრეს და იმღერეს მასთან. სულ ერთია, მერე რა გააპროტესტეს. იქ ქართველები დადგნენ მასთან ერთად სცენაზე და როგორ მოსთხოვოს ხატიამ თავის ფრანგ და უცხოელ კოლეგებს რომ არ დაუკრან გერგიევთან, როდესაც ჩვენ არ ვდგავართ ერთად?

თან აქ მხოლოდ პატრიოტიზმზე არ არის ლაპარაკი, ეს არის ჰუმანურობის წინააღმდეგ გალაშქრული ადამიანების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა.

პატრიოტიზმი ის კი არ არის, ვინ უფრო მეტ მიწას გამოქაჩავს, არამედ ადამიანებზე რომ ფიქრობ და ზრუნავ. იმ ადამიანებზე, ვინც ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. გერგიევთან სიმღერით ნამდვილი გაპროტესტება არ გამოდის იმიტომ, რომ საფრანგეთში მაყურებელი პროტესტს სრულებით ვერ მიხვდა. იქ მაყურებელმა დაინახა ის, რომ ქართველი მომღერალი მღეროდა გერგიევთან ერთად. ისინი ხედავენ არა იმას, რომ საქართველოს სახელი გაიტანა ანიტამ, არამედ იმას, რომ საქართველო არ არის გაბრაზებული გერგიევზე, საქართველო არ არის გაბრაზებული რუსულ პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ერთად მაინც ვდგავართ სცენაზე იმ ადამიანთან, ვინც პირდაპირ ატარებს რუსული პოლიტიკის პროპაგანდას. ანუ “ყველაფერი რიგზე ყოფილა”.

– “თუ შენ ქართველი არ აპროტესტებ, მე – მაკრონმა რატომ უნდა გავაპროტესტო საქართველოს ოკუპაცია?” ჩვენ თუ საფრანგეთს არ ვუპროტესტებთ ამას და ვდგებით გერგიევის გვერდით ერთ სცენაზე საფრანგეთში, მაშინ საფრანგეთმა რატომ უნდა ინერვიულოს ჩვენს ოკუპაციაზე?”