6 ივლისი, 2017

ეზიარეთ ქვილთის ულამაზეს ხელოვნებას

8 ივლისს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში მაკა შანიძის ქვილთის გამოფენა „საქართველო ჩემს ფიქრებში“ გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 20-მდე ნამუშევარი ხელოვანმა 2000 წლის შემდეგ შექმნა და ამ კოლექციით საერთაშორისო აღიარება არაერთხელ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაკა შანიძის პერსონალური გამოფენა პირველად გაიმართება.

90-იანი წლების ბოლოს, ხელოვანი საზღვარგარეთ, კერძოდ ავსტრალიაში დასავლური ტრადიციული ქვილთის ისტორიას, შექმნის წესს, ტექნიკასა და დიზაინის თავისებურებებს ეზიარა, რის შემდეგაც, უკვე საკუთარი დიზაინითა და ინსპირაციით დამზადებული ქვილთის კოლექციით, მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. იყო Quilters’ Guild NSW-ის წევრი და ამერიკის ქვილთერების საზოგადოების (AQS) წევრი. აშშ-ს, იაპონიისა და ავსტრალიის საერთაშორისო გამოფენებში მაკა შანიძემ არაერთხელ მიიღო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჯილდო.

აქვს პუბლიკაციები “quilting” და ტექსტილის ხელოვნების ჟურნალებში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით (ნაჭრის ნაკუწებით (patchwork), აპლიკაციით (appliqué), ერთიანი ქსოვილით (wholecloth)) ოდითგანვე ქმნიდნენ ქვილთს ანუ საბანს, ხელოვნების ეს დარგი არასდროს ყოფილა ისეთ სიმაღლეზე, როგორც ეს ამერიკაში, ავსტრალიში, ან იაპონიაშია.

გამოფენის მიზანი ქართული საზოგადოებისთვის ქვილთის ხელოვნების კარგად გაცნობაა.

ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში 15 ივლისამდე დარჩება.