Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია!”

26 ივლისი, 2017

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია!"მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე წუხს, რომ თბილისში სულ უფრო ცოტა სიმწვანე რჩება და გაუთავებელი მშენებლობები დედაქალაქის მწვანე საფარს ანადგურებს:

“სულ ეს დარჩა მზიურისგან იმ უბედურების შემდეგ… და იმაში, რაც დარჩა ნელ-ნელა გზა გაჰყავთ. გაიხსნა შლაგბაუმი და ახალაშენებული კორპუსიდან ტრასამდე მთელი მზიურის გავლით უკვე დადიან მანქანები. კორპუსის მხარეს მოხრეშილია.

ეს არის ბოლო ნაგლეჯი ბუნების ვაკესა და საბურთალოს შორის. ერთადერთი მონაკვეთი სადაც ჩანს მდინარე ვერა, ალბათ სულ 50 მეტრი დარჩა მისი ხილულად მომდინარე. ძალიან სიმბოლური და სამწუხარო იქნება ბატონებო, თუ ეს პატარა მზიურიც დაბეტონდება…

ეს ძალიან მნიშვნელოვანია! იფიქრეთ კონკრეტული ადამიანების მომავალზე, განვითარებაზე, პრინციპებზე, რუსთაველზე, რომლის წელიცაა, მზეზე, რომელიც აღარ დარჩება ჩვენ ქალაქში ასე თუ გაგრძელდა.

ლომი ღრიალებს ყოველ საღამოს, უკვე წლებია და ცხოველთა მეფის ეს შემზარავი ხმა ახმოვანებს ამ ხეობის დიდ გასაჭირს.

ერთხელ ანახა უკვე ვერამ და ბუნებამ თავისი რეაქცია ჩვენ უზნეობაზე… შემდეგ ის, რისთვისაც სტუდენტები და მოქალაქეები თავდადებით შრომობდნენ, სულაც არ იყო მომავალი კორპუსები და აუზები ამ ადგილას. ქალაქისთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი, ჯერ კიდევ “ინფრასტრუქტურით” დაუთვირთავი ადგილი, რომელმაც ამდენი გადაიტანა, ასე უნამუსოდ არ უნდა გაიყიდოს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია!"

თბილისს აკლია ტყე-პარკი, სხვანაირად არ იქნება აქ ევროპული ტიპის სახელმწიფო… თუ არ იქნება სტუდენტი, რომელიც სწორედ მდინარესთან, ბალახზე დამჯდარი კითხულობს რუსთაველს და მის მზეს ცოცხლად განიცდის, აღარ იქნება არც საქართველო.

ბაღი და ტყე-პარკი აუცილებელია არამარტო ფიზიკური, არამედ სულიერი, ადამიანისთვის საკადრისი არსებობისთვის! განვითარებისთვის! მომავლისთვის!

მხოლოდ დარგული ხეების რაოდენობაში არაა საქმე – მნიშნელოვანია მათ შორის დისტანციაც. მარტო ზოოპარკში დატუსაღებული ცხოველი არაა საკმარისი, საჭიროა თავისუფალი ჩიტების გალობის მოსმენა ზოგჯერ, სიწყნარე, რომ რამე დაიწეროს ღირებული, რაიმე შეიქმნას ქვეყანაში ფასეული.

უამრავი მოქალაქე და სტუდენტი საჭიროებს დღეს ასეთ ტყე-პარკებს, რომ ველოსიპედებით იმოძრაონ და დაისვენონ შიგნით, დედებმა ბავშვები ასეირნონ, ძაღლის პატრონებმა ძაღლები.

ამიტომ იმედია მომავალი მერი, ვინც არ უნდა იყოს, შეაჩერებს ამ უნამუსობას, დადგება მაღლა ყველა სახის ფინანსურ დაინტერესებაზე. რადგან სწორედ ეს არის დემოკრატია-როცა შეგიძლია შენთვის ბევრი და ირჩევ ცოტას, სხვების საკეთილდღეოდ!

ზუსტად მაშინ მოხდება სასწაული, საქართველოშიც დაუბრუნდება დამსახურებული ფასი მიცემულ და შესრულებულ სიტყვას, ურთიერპატივისცემას და ნდობას მოქალაქეებს შორის.

უკვე მარტო ღირსების დრო აღარაა, დადგა დრო სინდისის!”