Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათა თავაძის წარმატება ნიუ იორკში

19 ივლისი, 2017

დათა თავაძის წარმატება ნიუ იორკშიახალგაზრდა რეჟისორის დათა თავაძის თეატრალური პიესის “დედა ომი” წარმოდგენა ნიუ იორკში გაიმართა.

ინფორმაციას ამის შესახება ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი ავრცელებს და დათა თავაძის წარმატებაზე საუბრობს:

“გუშინ მანჰეტენზე ქართულ-ამერიკულ თეატრალურ ფესტივალს ვეწვიე, რომლის ორგანიზატორიც ქართველი რეჟისორი, ირინა გაჩეჩილაძეა, (ცოტა ხნის წინ, 2017 წლის 25 აპრილს, ნიუ იორკში, კლემენტის თეატრის სცენაზე, მისი რეჟისორობით შედგა ბ. აკუნინის “ჰამლეტი – ვერსიის” პრემიერა, გია ყანჩელის მუსიკალური გაფორმებით).

ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალი 13 ივლისს, ლაშა ბუღაძის “ნავიგატორით” გაიხსნა და 6 აგვისტომდე გაგრძელდება.

16 ივლისს გაიმართა ქართველი დრამატურგის, ლაშა ბუღაძის პიესის, “პუტინის დედის” ლიტერატურული კითხვა, რაც, სამწუხაროდ, გვიან შევიტყვე და მისვლა ვერ მოვახერხე, თუმცა წინ გველის კვლავ ლაშა ბუღაძის “ნავიგატორი”, თამარ ბართაიას “სათამაშო იარაღი”, გურამ ბათიაშვილის “არწივის ფრთებზე”, რეზო კლდიაშვილის “პილონი”, ნესტან კვინიკაძის “მეგობრები”, ბასა ჯანიკაშვილის “დიქტატურა” (რომელიც ინგლისურ ენაზე მაია კიასაშვილმა თარგმნა, სადაც სათაური შეცვლილია – On the Latch), დათო ტურაშვილის “რკინის ფარდა” და ნინო ხარატიშვილის “ლივ შტაინი”.

ზემოთ ჩამოთვლილი დრამატურგებიდან გამოვტოვე სამეფო უბნის თეატრის რეჟისორის, ახალგაზრდა ქართველი თეატრალური დრამატურგის, დათა თავაძის თეატრალური პიესა “დედა ომი”, გერმ. “Mutter Krieg”, რომელიც 2015 წელს გ. ჰაუპტმანის თეატრში, ციტაუში დაიდგა. უფრო ადრე, 2013 წლის 4 ივნისს, ვენაში, თეატრ „Garage X”-ში, რამაც 2009 წელს, სარემონტო სამუშაოების შემდგომ, კვლავ დაიწყო ფუნქციონირება, გაიმართა საერთაშორისო კონკურსი – „საუბარი საზღვრების შესახებ”, სადაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული პიესა გამოავლინა. პირველი პრემიის მფლობელი ორი ქართველი დრამატურგი გახდა: დათა თავაძე პიესით „დედა ომი” და ბასა ჯანიკაშვილი პიესით „გაბრაზებული ჩიტი”. მესამე პრემიის მფლობელი გახდა ლაშა ბუღაძე პიესით „26 მაისი”.

გუშინ, ფესტივალის ფარგლებში, სწორედ თავაძის აღნიშნული პიესის ნიუ იორკულ წარმოდგენას დავესწარი და 2013 წელს საერთაშორისო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. ქალაქის სხვადასხვა თეატრიდან თავმოყრილმა მსახიობებმა “დედა ომი” მაღალპროფესიონალურად წარმოადგინეს (სამწუხაროდ, თეატრში ვიდეო-აუდიო ჩაწერა იკრძალებოდა). ამერიკელ რეჟისორს სცენოგრაფიისა და წარმოდგენის დადგმისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა, ამიტომ მარტივ, მაგრამ ეფექტურ ფორმას მიმართა – მსახიობები კითხულობდნენ.

პიესის ნარატივი მოიცავს, როგორც ლოკალურ, ჩვენი რეგიონისა თუ სახელმწიფოს, ასევე გლობალურ, აქტუალურ ზოგადსაკაცობრიო საკითხებს; ავტორი პრობლემებზე დაკვირვებით, სწორი აქცენტებითა და შესანიშნავი ფინალით, უამრავ კითხვას და სააზროვნო სივრცეს ტოვებს.

წარმოდგენის ბოლოს, საინტერესო დიალოგი მქონდა “დედა ომის” აქაურ რეჟისორთან რიჩარდ ავენთან, რომელიც პიესაში გაცხადებულ პრობლემებსა და კითხვებზე პასუხებს ჩემთან ერთად ეძიებდა. დისკუსიაში შემოგვიერთდნენ კულისებიდან გამოსული მსახიობებიც, სადაც ამჯერად თავად მომევლინნენ ცოტა ხნის წინ განსახიერებული პერსონაჟების “კრიტიკოსებად”. შეიტყვეს საქართველოს უახლეს ისტორიაზე, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, ახალი თვალით შეხედეს გენოციდს, საბჭოთა ტრავმასა და ნაცისტურ რეპრესიებს. ეს მაშინ, როცა საქართველოს საზღვრები ყოველდღიურად მცირდება ოკუპანტის მიერ, რაზეც, დანარჩენთან ერთად, დამატებითი ინფორმაცია გავუზიარე.

კითხვაზე, თუკი ახლო მომავალში ქართველი დრამატურგის ეს პიესა ნიუ იორკის სცენაზე სპექტაკლის სახით წარდგება, როგორ მიიღებს ფართო ამერიკელი აუდიტორია, რეჟისორმა განაცხადა: თუ არ ვცდით, ვერ გავიგებთო. ასევე, რამდენჯერმე ხაზი გაუსვა პიესის მხატვრულ ღირებულებასაც.

ხელოვნებას შესწევს ძალა ადამიანთა დაფიქრებისა და გამოფხიზლების, თეატრი კი ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალის სახით შესანიშნავი პროექტი ხორციელდება, რაც არა მხოლოდ კულტურულ, დიპლომატიურ ურთიერთობებსაც ემსახურება რუსული აგრესიის ფონზე.

დათა თავაძეს კი სამომავლო წარმატებას ვუსურვებ და ველი მის ახალ ნამუშევრებს.”