13 ივლისი, 2017

“აი, ეს არის ფაქტები”

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ცხინვალის რეგიონში დიდი ლიახვის სოფლების თამარაშენის, ძარწემის, ქვემო და ზემო აჩაბეთის, ხეითის, ქემერტის, ქურთასა და კეხვის ფოტოებს ავრცელებს.

გოგა ჩანადირი:

“რასაც ფოტოებზე ნახავთ, მურვან ყრუს, ჯალალედინს, თემურ ლენგს, შაჰ თამაზს, შაჰ აბასსა და აღა-მაჰმად-ხანსაც კი არ გაუკეთებიათ, მაგრამ გააკეთეს რუსმა ოკუპანტებმა. მათ ცხინვალის რეგიონში დიდი ლიახვის სოფლები – თამარაშენი, ძარწემი, ქვემო და ზემო აჩაბეთი, ხეითი, ქემერტი, ქურთა და კეხვი მიწისგან აღგავეს.

კერძოდ, ოკუპანტებმა 2008 წელს იქიდან ქართველები გამოაძევეს, 2010 წლამდე ყველა სახლი პირწმინდად გაძარცვეს და სახურავი გადახადეს, 2015 წლამდე კი ყველა სახლი ძირფესვიანად გააქრეს და შექმნეს შთაბეჭდილება, რომ იქ დასახლება არასოდეს ყოფილა.

კიდევ 5 წელიწადაში ნასახლარებს ბალახი დაფარავს და უკვე სოფლის ცნება საერთოდ აღარ იქნება. იგივე საფრთხე ემუქრება პატარა ლიახვის სოფლებს, სადაც რუსებმა და ოსებმა ყველა სახლი გაძარცვეს, სახლებს სახურავი გადახადეს და ახლა მათ გააქრობენ.

ეს ფოტოები გუგლის (Google Earth) თანამგზავრული რუკების მეშვეობით ზურა ნაცვლიშვილმა მოიპოვა, ააწყო და შეადარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

ფაქტია – რუსეთი დაუჯერებლად სასტიკია, ის სამაჩაბლოდან ქართველთა ყველანაირი კვალის გაქრობას ცდილობს.

თუმცა, ამას ვერასოდეს ეღირსება.

ჩვენმა ერმა ბევრი დარბევა გადაიტანა, იბრუნებდა წართმეულს, კვლავ ბრუნდებოდა ძირძველ მიწაზე.
ამ სინამდვილეს კომპლექსიანი პუტინწამგლეჯი ვერ შეცვლის. ისტორიის წინაშე ის მაინც უძლური იქნება.

და კიდევ, აი, ეს არის ფაქტები, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა წარუდგინოს და სხვა ქართული სოფლების განადგურება შეაჩეროს.”