9 ივლისი, 2017

ჯაბა იოსელიანის საფლავი ისევ შეურაცხყვეს

დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მწერლის, პოლიტიკოსის და მხედრიონის დამაარსებლის ჯაბა იოსელიანის საფლავი შეურაცხყვეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯაბა იოსელიანის საფლავს უცნობი პირები შეურაცხყოფას აყენებენ. საფლავის ქვაზე ოქროსფრად ეწერა – “გადამასვენეთ”. ამის შესახებ პანთეონის ადმინისტრაციამ „იმედისგან“ შეიტყო. დასუფთავების სამსახურმა საფლავი უკვე გაწმინდა. 10 ივლისს ჯაბა იოსელიანის დაბადების დღეა, მას 91 წელი შეუსრულდებოდა. დიდუბის პანთეონის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ეს ქმედება ჯაბა იოსელიანის დაბადების დღეს უკავშირდებოდეს.

ჯაბა იოსელიანი ავტორია სამი მონოგრაფიის, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ოთხი რომანის და რამდენიმე სცენარის თეატრალური სპექტაკლისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა თეატრებში დაიდგა.

ფოტოს ავტორი ლევან კვატაშიძეა.