25 ივლისი, 2017

“ჩვენს თვალში დირეს დანახვა რა ჩვენი საქმეა?”

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ყოველთვის იმ რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ქართული საზოგადოების უმრავლესობა თვალს არ უსწორებს და ცდილობს საკუთარი პრობლემები სხვას გადააბრალოს:

“ყველაფერი ცუდი, რაც საქართველოში ხდება, უცხოელების ბრალია.

ჩვენ, დიდი და ძველი კულტურის წარმომადგენლებს აივნიდან თუ მანქანიდან ნამწვის გადაგდება, ან ქეიფის შემდეგ ბუნებაში ნაგვის დატოვება აზრად არ მოგვდის.

ჩვენ აზრადაც არ მოგვდის ისტორიული ძეგლების კედლებზე საკუთარი სახელების ამოჩხაპნვა, ერთმანეთის ლანძღვა და შური, ფლიდობა და საქმეში დაღალატება (გადაგდებას რომ უწოდებენ), საგზაო მოძრაობის წესების ხშირად დარღვევა, ქართული ენის მასობრივად უგულებელყოფა დაწესებულებზე თუ მეტყველებაში, ასევე, ავტობუსის სავარძლების დაჭრა, საკუთარ სადარბაზოებში მოშარდვა და კიდევ სხვა ბევრი რამ.

საკუთარი პასუხისმგებლობის სხვისთვის აკიდებაც არ არის ჩვენი სტილი.

ეს ყველაფერი უცხოელების ბრალია.

დიახ, ღამით ქუჩაში ისინი ყვირიან და ხმამაღალი მუსიკით ჩაივლიან ხოლმე მანქანით, ისინი გვიყრიან ნაგავს ყოველ ნაბიჯზე, ისინი არ გვატარებენ ზებრახაზზე, ანდაც ღერძულა ხაზებს კვეთენ და ნასვამები სხდებიან საჭესთან.

როცა ქართულად ლაპარაკობენ, ისინი ამბობენ კაროჩეს, ვაფშეს, პოზიტივს, დალაიქებას, ლოკაციას, სენსიტიურს, პაკა-პაკას, პრივეტს, ლაითსა და ასე შემდეგ. სწორედ ისინი ყიდულობენ ოკუპანტის ნაწარმს, რომ ჩვენს წინააღმდეგ ომი დააფინანსონ. სადენები და სარწყავი მილები ქართული სოფლებიდან რომ მოიპარეს და თურქეთში გაყიდეს, უცხოელებმა ქნეს. ქარსაცავი ზოლები რომ განადგურდა, ეგეც მაგათ ქნეს.

ყველაფერი უცხოელების ბრალია. ჩვენ რომ წიგნებს არ ვკითხულობთ, ეგეც უცხოელების ბრალია.
ქართველები ზნეკეთილნი, მაღალი კულტურის ხალხი ვართ და ამ მხრივ პირველ ადგილზე თუ არ ვართ, ძალინ ბევრს კი ვუსწრებთ.

ხოდა, რაც კი რამე ცუდი ხდება, უცხოელების ბრალია. ჩვენს თვალში დირეს დანახვა რა ჩვენი საქმეა?”