3 ივლისი, 2017

სუხიშვილების ტრიუმფალური დაბრუნება ლინკოლნ ცენტრში

ნიუ იორკის „ლინკოლნ ცენტრის“ სცენაზე „სუხიშვილები“ ტრიუმფალურად ბრუნდებიან.

„ლინკოლნ ცენტრი“ ქართული ნაციონალური ანსამბლის ამერიკაში დაგეგმილ კონცერტს თავის ვებ გვერდზე ოფიციალურად აანონსებს და სპეციალურ ვიდეორგოლსაც აქვეყნებს.

„ფენომენალური ქართული ანსამბლი გასაოცარი ენერგეტიკით, უნიკალური ქორეოგრაფიით და ბრწყინვალე კოსტიუმებით კონცერტებს 50 მილიონი მაყურებლისთვის მსოფლიოს 100 ქვეყანაში მართავს და საკუთარ ხელოვნებას ხუთ კონტინენტზე წარადგენს. წლებია ანსამბლი ცეკვავს ისეთ სცენებზე, როგორიცაა მეტროპოლიტენ ოპერა, ალბერტ ჰოლი, ლა სკალას თეატრი და სხვა აღიარებული მსოფლიო სცენები. მსოფლიოში ცნობილი ანსამბლი „სუხიშვილები“ ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა 70 წლის წინ დააარსეს და საკუთარი ქორეოგრაფიული ანსამბლითა და შექმნილი უნიკალური ცეკვებით მსოფლიოს საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ უამბეს,” – ნათქვამია „ლინკოლნ ცენტრის“ ვებ გვერდზე.

“სუხიშვილები” ამერიკაში მაყურებლის მოთხოვნით ბრუნდებიან. ორწლიანი პაუზის შემდეგ, მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე შემოდგომაზე წარსდგებიან.