10 ივლისი, 2017

დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სტატია შოთა რუსთაველზე

სრულიად საქართველოს რუსთველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი ინფორმაციას ავრცელებს, რომ რუსეთში საკმაოდ ავტორიტეტულ, პოპულარულ რუსულენოვან ელექტრონულ ჟურნალ ,,ქარავანში“ დაიბეჭდა საქართველოსა და ქართული კულტურისადმი სიძულვილით აღსავსე, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ვრცელი სტატია.

დავით შემოქმედელი:

“ქართული კულტურის ექსპანსიის მცდელობა სახეზეა!

რუსეთში საკმაოდ ავტორიტეტულ, პოპულარულ რუსულენოვან ელექტრონულ ჟურნალ ,,ქარავანში“ (N50, მაის-ივნისი, 2017 წელი) დაიბეჭდა ისტორიკოსისა და აღმოსავლეთმცოდნის, ფელიქს კურცვაილის, საქართველოსა და ქართული კულტურისადმი სიძულვილით აღსავსე, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ვრცელი სტატია სათაურით: ,,შოთა რუსთაველი სპარსული პოემა ,,ვეფხისტყაოსნის“ ბრწყინვალე მთარგმნელი და არა – პოეტი”.

საქართველოს მთავრობისაგან მოვითხოვთ:

1. ფელიქს კურცვაილი საქართველოში გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად;

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, რომ ფელიქს კურცვაილმა ქართული კულტურის შეურაცხყოფისათვის საჯაროდ ტელევიზიით და ასევე აღნიშნულ ჟურნალ ,,ქარავანში’’ მოიხადოს ბოდიში;

3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთოს მკაფიო, პროტესტის სახით გამოხატული განცხადება.”