Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“შემძრა იმან, რაც ვნახე”

24 ივლისი, 2017

"შემძრა იმან, რაც ვნახე"მომღერალი Sophie Villy – სოფი ვილი ბავშვთა ქალაქ “მზიურში” ჩატარებულ ღონისძიებას ეხმაურება, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მონაწილეობდნენ.

ხელოვანი გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ კონცერტზე მისვლა დაიზარა ყველა მედიის წარმომადგენელმა. არც ერთი ტელეარხი, არც ერთი ჟურნალისტი, არც ერთი მთავრობის წარმომადგენელი, არც ერთი ცნობადი სახე იქ არ ყოფილა:

“შაბათს, 22 ივლისს ჩემი გული ცრემლით აივსო, ცოტაც და გაიპობოდა შუაზე… არც კი მახსოვს, როგორ ვიდექი სცენაზე, რას ვმღეროდი, როგორ ვიღებდი საერთოდ ხმას.

მკვეთრად მახსოვს ის მომენტი, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების, სხვადასხვა ასაკის, საოცარი ბავშვები მზიურის ამფითეატრის სცენაზე იდგნენ და სასწაული ნიჭით და სმენით ასრულებდნენ სიმღერას ზღაპარზე. (როგორც ბოლოს გამოაცხადეს, ამ ბავშვებმა პოლონეთში კონკურსზე გაიმარჯვეს ამ სიმღერით).

ეს იყო მათი უფლებების დაცვისთვის და კეთილდღეობისთვის გამართული ღონისძიება, რომელსაც გაუწია ორგანიზება კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის (41 სხვადასხვა ორგანიზაციის ერთობლიობა, რომელიც ზრუნავს ბავშვების ინტერესების და უფლებების დაცვაზე ნებისმიერ სფეროში).

თქვენ რომ ერთი თვალით მაინც გენახათ ამ ბავშვების სიხარულით სავსე თვალები სცენაზე დგომის, ან ფერადი ბუშტებით და ცარცებით თამაშის, ან მუსიკის მოსმენის დროს, თქვენც იგივე დაგემართებოდათ, რაც მე. ცრემლი წაგსკდებოდათ, როგორც ყველა იქ მჯდომს.

"შემძრა იმან, რაც ვნახე"

არ დაიზარა მოსვლა 80 წლამდე, ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილმა უკეთილშობილესმა ბაბუმ, რომელიც მარტო იჯდა და ცრემლს იშრობდა ყოველ წამს. არ დაიზარეს მოსვლა ამ ბავშვების მშობლებმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა, ვისაც მართლა გული ტკივა ამ სურათის შემხედვარე.

სამაგიეროდ, დაიზარა მოსვლა ყველა მედიის წარმომადგენელმა. არც ერთი ტელეარხი, არც ერთი ჟურნალისტი, არც ერთი მთავრობის წარმომადგენელი, არც ერთი ცნობადი სახე იქ არ მოსულა! გარდა ამისა, ბევრმა მუსიკოსმაც “ვერ მოიცალა” ამ დღისთვის. აი, ეს არის ჩვენი დღევანდელი სახე და რეალობა! რა დავამატო? სალანძღავად არ დამიწყია ამ პოსტის წერა. არც საკუთარი თავის და მებო ნუცუბიძის შესაქებად და თქვენს თვალში ასამაღლებლად. არა! უბრალოდ მე შემძრა იმან, რაც ვნახე და ამას უსიტყვოდ ვერ დავტოვებდი.

რატომ ხდება ისე, რომ ის, რაც საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ექცევა ყურადღების ცენტრში და ამის შესახებ ყველა იწყებს საუბარს?!! ხოლო ის, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენს მომავალს ეხება, არის საზრუნავი და გასაშუქებელი, ექცევა ჩრდილში… ან ეთერის 5 წამი ეთმობა.?!

რას უთმობს დღეს დროს და ენერგიას ქართული ტელე და რადიო სივრცე? საქართველოს მთავრობა? რატომ არავის აინტერესებს მსგავსი ღონისძიებები? ეს ხომ ჩვენს მომავალს ეხება. ეს ხომ არა მხოლოდ ავადმყოფ ბავშვებს, არამედ, ზოგადად, ყველა ბავშვს ეხება, რომელიც არის სოციალურად დაუცველი, დაჩაგრული, ობოლი, ან მშობლების მიერ მიტოვებული, ძალადობის და ექპლუატაციის მსხვერპლი, ან 6 წლიდან ტრასაზე დგას და ერთჯერად ხელსახოცს ყიდის. რატომ ვაიგნორებთ ამ ყველაფერს ქვეყანაში, სადაც მსგავს საკითხებში უმძიმესი მდგომარეობა და ქაოსია?!”