Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ტაო კლარჯეთში

18 ივლისი, 2017

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ტაო კლარჯეთშიტაო კლარჯეთში ახალი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გაკეთდა.

„კვლევის ცენტრის“ XXII ექსპედიციისას ტაოში მიკვლეულ იქნა სოფელ მერენესის ასომთავრული წარწერა, რომლის ტექსტი შეიცავს ძალზე მნიშვნელოვან ინფრომაციას ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე პირების შესახებ!

წარწერა შემდეგნაირად იკითხება: „[გ(ა)რდ(აი)ც]ვალა აშ{ო}ტ | [კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)]ტი ქრ{ო}ნ{ი}კ{ო}ნსა | [რ]ჲიდ (174+780=954 წ.), თ(უეს)ა ი{ა}ნვ{ა}|რსა კე (25). ღ(მერთმა)ნ დ(ი)დ(ე)ბ(უ)ლ ყ|ვ{ე}ნ ს(უ)ლი მ(ა)თი. აღ(ე)შ(ე)ნა [წ(მიდა)ჲ] | ეკლ{ე}სი{ა}ჲ ჴ{ე}ლითა მ{ი}ქ{აე}ლ{ი}ს{ი}თ[ა], | ღ{უე}რკ{ე}ლ{ი}ს{ი}თა და თ{ო}მ{ა}სითა, | [-]რთვს{ი}თა (?), [-]მ[-]თრს{ი}თა (?), [ა(მე)ნ] (?)“.

წარწერის პირველი ნაწილი გვაუწყებს, რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა „აშოტ კურაპალატი“ ანუ ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი, ოპიზის მონასტრის სახელგანთქმულ ქტიტორულ რელიეფზე გამოსახული ისტორიული პირი – კურაპალატი აშოტ II, რომლის შესახებაც რამდენიმე ქართული წერილობითი წყარო გვაწვდის ცნობებს.

სუმბატ დავითის-ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ გვამცნობს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წელს უშვილოდ მიიცვალა: „გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ”ო”დ (174+780=954 წ.), და არა ესუა შვილი“.

მერენესის ახლადმიკვლეული წარწერა, ერთი მხრივ, მთლიანად ადასტურებს სუმბატ დავითის-ძის ცნობის მართებულობას, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად აზუსტებს ამ ცნობას და გვაუწყებს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა.

მერენესის 954 წლის წარწერის აღმოჩენა უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო მოვლენას წარმოადგენს. ამ მრავალმხრივ საინტერესო ეპიგრაფიკული ძეგლის შესწავლა ტაო-კლარჯეთის ისტორიის არაერთ სადავო თუ ბუნდოვან საკითხს მოჰფენს ნათელს.

წარწერის წაკითხვა და ისოტირულ-პალეპგრაფიული ანალიზი ეკუთვნის თემო ჯოჯუას. წარწერა დაახლოებით ერთი თვის წინ, სოფელში წყლის არხის გაყვანის დროს მიწაში იპოვეს. აქვე დასტურდება ეკლესიის ფრაგმენტები. შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ ეკლესია ძალზე მასშტაბური იყო. აქვე ადგილობრივის სახლში ჩატანებულია ჯვრის ორნამენტიანი ქვა.”