Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ილია ჭავჭავაძის იუბილე პანკისში აღინიშნება

28 ივლისი, 2017

ილია ჭავჭავაძის იუბილე პანკისში აღინიშნება2017 წელი საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ ქვეყნის მასშტაბით ჯერ-ჯერობით ერთადერთი ორგანიზაციაა, ყველა სხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყებათა შორის, რომელიც საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად არაერთ აქტივობას ახორციელებს.

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ეროვნული იმპერატივის“ პროექტი „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“ უკვე მეოთხე თვეა მიმდინარეობს საქართველოს რეგიონების მასშტაბით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივი და კულტუროლოგიური თვალსაზრისით, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ, რადგან დაინტერესებულ პირთა თავისუფალი წვდომის ელემენტია ჩადებული და საიუბილეო ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია, რაც ასევე ხელს უწყობს უანგარობის, როგორც სამოქალაქო კულტურის ჟესტის დამკვიდრებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები – ილიას თემაზე სახვითი ხელოვნების თანამედროვე არტისტების ნამუშევრების გამოფენა და სპექტაკლის „საუკუნის მკვლელობა“ წარმოდგენა უკვე განხორციელდა ქუთაისში, ბათუმში, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ხაშურის, ახალციხის, წყალტუბოს, ზესტაფონის, აბაშის, წალენჯიხის, მარტვილის, ხულოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

დღეს, 28 ივლისს კი პროექტი პანკისის ხეობას ესტუმრება და საიუბილეო ღონისძიება დუისის კულტურის სახლში იქნება წარმოდგენილი. პანკისის ხეობის პოლიტიკური, ეთნოკულტურული თუ სოციალური პრიორიტეტულობის გამო, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ამ მხარეში ეროვნული და სახელმწიფოებრივი მიზნებით გაჯერებული ინიციატივების განხორციელებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საშუალებას იძლევა. ამ პროცესში კი, კულტურა და ხელოვნება ცალსახად მნიშვნელოვანია, ეროვნულ-სახელწოფოებრივ თემებზე საზოგადოებრივი დისკურსის დასაწყებად, ამის საშუალებას კი ილია ჭავჭავაძის თემა ნამდვილად იძლევა.

მისასალმებელია, რომ პანკისის ხეობაში აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო პროექტის პირველი ეტაპი 31 ივლისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასრულდება. ზაფხულის პერიოდის გამო ტაიმ-აუტის შემდეგ კი საქართველოს კიდევ არაერთი მუნიციპალიტეტი ჩაერთვება ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილის აღნიშვნაში და „ეროვნული იმპერატივის“ თეატრალური პროექტისათვის ექსკლუზიურად შექმნილი სპექტაკლის “საუკუნის მკვლელობა“ ხილვა შეეძლება ადგილობრივ მაყურებელს, რომელშიც სცენაზე გაცოცხლებულია ილია ჭავჭავაძის თანამედროვე ეპოქა, ისტორიის მაჯისცემა და დრამატული მოვლენები და ისტორიულ პერსონაჟთა მთელი გალერეა.