10 ივლისი, 2017

უპრეცედენტო გადაწყვეტილება გელათის მონასტერთან დაკავშირებით

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელი სტატუსით დააბრუნა. ბაგრატის ტაძარი კი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ:

”კომიტეტმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო მხარის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა და ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება. საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და ICOMOS-თან აქტიური თანამშრომლობით, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოამზადა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან.

გელათის სამონასტრო კომპლექსის იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნების გადაწყვეტილება კომიტეტის 41-ე სესიაზე პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიიღეს.

გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 41-ე კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დასრულდა საქართველოში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების – მცხეთის ისტორიული ძეგლების და ბაგრატისა და გელათის ძირითად ნუსხაში დაბრუნების გრძელი და რთული გზა.

სახელმწიფო, მსოფლიო მემკვდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან თანამშორმლობით, აქტიურად მუშაობს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნული წინასწარი ნუსხის განახლებაზე, რაც მყარ საფუძველს ქმნის მომავალ წლებში მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის ფარგლებში ახალი წარმატებული ნომინაციებისათვის, რათა საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნება ღირსეულად წარმოჩინდეს მსოფლიო მემკვიდრეობის რუკაზე.”