14 ივნისი, 2017

ზაზა ურუშაძის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

ქართველმა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

მისი გახმაურებული ფილმი “მანდარინები” იტალიაში მსოფლიოს წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს.

იტალია მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ფილმს უკვე 61 წელია ირჩევს და მას San Fedele-ს პრემიას ანიჭებს.

საუკეთესო ფილმის გამოსავლენად სპეციალური გამოკითხვა ტარდება, რომელშიც ჩართულია ყველა – კინოკრიტიკოსით დაწყებული, კულტურული სფეროს წარმომადგენლით და რიგითი მაყურებლით დამთავრებული. გამარჯვებულად კი წელიწადში ერთხელ – ერთი ფილმი სახელდება.

San Fedele-ს პრემია მისი არსებობის განმავლობაში მიღებული აქვთ მსოფლიოში აღიარებულ რეჟისორებს – ფედერიკო ფელინის, ფრანჩესკო როსის, პიერ პაოლო პაზოლინის, ინგმარ ბერგმანს, მილოშ ფორმანს, აკირა კუროსავას, რობერტო ბენინის, პედრო ალმადოვარს, სტივენ სპილბერგს… მათ რიგებში ქართველების საამაყოდ უკვე ზაზა ურუშაძეც ჩაეწერა.