30 ივნისი, 2017

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ძალისში

ძალისის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების დროს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გაკეთდა.

ინფორმაციას არქეოლოგი გოდერძი ნარიმანაშვილი ავრცელებს:

“არქეოლოგიური გათხრების ბოლო დღე. ძალისი 2017.

დღევანდელი აღმოჩენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სურვილი გამიჩნდა თქვენც გაგაცნოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღმოჩენილი თიხის ბულა ქართლის სამეფოს მე-3 საუკუნის ისტორიას მნიშვნელოვნად შეავსებს.

ბულა თიხატკეპნილ იატაკზე დაფიქსირდა.

2017 წელს ძალისის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლინდა დიდი ნაგებობა, რომლის ალიზით ნაგები კედლების სისქე 1,5 მეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობის მხოლოდ მცირე ნაწილია შესწავლილი (დაახლ. 1/6), ჩანს, რომ ის რთული გეგმარებისაა.

არქეოლოგიური მასალის მიხედვით ახ.წ. 3-4 საუკუნით თარიღდება. ძლიერი ხანძრით განადგურებული ერთ-ერთი სათავსოს იატაკზე თიხის ბულა დაფიქსირდა. ის კავკასიაში აღმოჩენილი ბულებისაგან გამოირჩევა – ანაბეჭდზე ირანის შაჰია გამოსახული, გარშემო კი არამეული წარწერა შემოუყვება.

ჩვენი აზრით, გამოსახულება ირანის შაჰინშაჰს შაპურ პირველს ეკუთვნის. შაპურ I (240/243 – 272/273 წწ.) სასანიანთა დინასტიის დამაარსებლის არდაშირის შვილია. რომთან სამი დიდი ბრძოლა გადაიხადა (242-244; 252 – 255; 260 წწ.). პირველივე ომის შემდეგ სპარსელებმა სამხრეთ კავკასიისაკენ (ალბანია, არმენია, იბერია) მიმართეს და რომი კავკასიას დიდი ხნით ჩამიაშორეს.

შაპურის თანამედროვეა იბერიის მეფე ამაზასპი (დაახლ. 230-265 წწ.), რომელიც მოიხსენიება შაპურის “ზოროასტრის ქააბა”-ზე შესრულებულ წარწერაში.

შესაძლებელია ბულაზე გამოსახული იყოს ირანის შაჰს ნარსე (293-302 წწ.), რომელიც პალმის გამოსახულებიან გვირგვინს ატარებდა და სწორედ ამით იყო ცნობილი. თუმცა, ძალისის ულაზე გამოსახულ მამაკაცი თმის ვარცხნილობით და სამკაულებით შაპურის სხვა გამოსახულებებს წააგავს.

ეჭვსგარეშეა, რომ საბეჭდავი შაჰის კანცელარიას და ძალისში აღმოჩენილი ბულით მნიშვნელოვანი გზავნილი იყო დალუქული.”