14 ივნისი, 2017

სერგო ზაქარიაძის 110 წლის იუბილე ხელოვნების სასახლეში

16 ივნისს, 19 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი წარმოგიდგენთ სერგო ზაქარიაძის დაბადებიდან 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.

ექსპოზიცია მოიცავს როგორც სერგო ზაქარიაძის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ უნიკალურ მასალას (ფოტოები; აფიშები; ვიდეოკოლაჟი), ასევე ხელოვანის თვალით დანახულ, საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებს, რომელთა შესახებაც იგი საინტერესო მოსაზრებებს პირად დღიურებში ცხოვრების მანძილზე აგროვებდა.

აღსანიშნავია, რომ დამთვალიერებლს საშუალება ექნება იხილოს, „ჩანაწერები ჩემი ფიქრებისა“ – სამტომეული, რომელიც სერგო ზაქარიაძის მიერ, მნიშვნელოვან კულტურულ ძვრებთან დაკავშირებით, სიცოცხლის მანძილზე გაკეთებულ ჩანაწერებსა და ესეებს აერთიანებს.

ზაქარიაძის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმოდა ინტელექტუალიზმი, გაბედულება, ჩანაფიქრის ხორცშესხმისას აზრის სიცხადე და ემოციურობა, უკიდურესი სიზუსტე და სულიერი სითბო. იგი სცენური ხასიათების ფსიქოლოგიური დამუშავების ოსტატი იყო – დიდი გამომსახველობის მქონე დეტალებით, მსუყე, კონტრასტული საღებავებით, ფაქიზი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ძერწავდა სახეს.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 20 ივნისამდე გაგრძელდება.