29 ივნისი, 2017

ილია ჭავჭავაძის იუბილე ზესტაფონში აღინიშნება

შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“, „ილია ჭავჭავძის საქველმოქმედო ფონდი“ და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი აგრძელებს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის აღნიშვნას.

პროექტის „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“ ფარგლებში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და მკვლელობიდან 110 წელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების ჩართულობით აღინიშნება.

29 ივნისს, საიუბილეო წელთან დაკავშირებული ღონისძიება ილია ჭავჭავაძის თემაზე გამოფენითა და სპექტაკლით „საუკუნის მკვლელობა“ ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აღინიშნება.

სცენაზე გაცოცხლებული ილიას ცხოვრება და მისი სახე, ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსივით კიდევ ერთხელ დააფიქრებს და ააღელვებს, ამჯერად ზესტაფონის მაყურებელს.

ღონისძიების მხარდამჭერია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი. ღონისძიების საქველმოქმედო ეგიდიდან გამომდინარე, მასზე დასწრება თავისუფალია.