24 ივნისი, 2017

”გროშებს ესესხებოდა ავანსად მორიგ ჰონორარამდე მოლარეს”

გალაკტიონ ტაბიძეს საოცარი ლექსების წერის გარდა, საოცარი მოსწრებული სიტყვა-პასუხი ჰქონდა.

“არტ ინფო” გთავაზობთ გალატიონთან დაკავშირებულ ისტორიებს:

***

ერთი მოქალაქე გადაეკიდა გალაკტიონს:
– იცით, რომ მე ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?
– კი, ჰგავხარ, – დაუდასტურა გალაკტიონმა.
– რითი ვგავარ?
– სიმაღლით.
– კიდევ?
– სიგანით.
– კიდევ? კიდევ?
– წვერ-ულვაშით.
– მაშ, ლექსებს მეც ვწერ და რაღა მაკლია ილია ჭავჭავაძეობამდე?
– ტყვია შუბლში, – უპასუხა გალაკტიონმა.

***

საგურამოს მწერალთა სახლში გალაკტიონი და კონსტანტინე გამსახურდია ისვენებდნენ. ყოველ დილით კონსტანტინე ასე ესალმება გალაკტიონს:
– გამარჯობა, ლომო!
– გაგიმარჯოს, ვეფხვო! – პასუხობს გალაკტიონი. ერთ დღეს კონსტანტინემ შეცვალა და ასე მიესალმა:
– გამარჯობა, ვეფხვო! – გალაკტიონი შეჩერდა, მცირე პაუზა და…
– გაგიმარჯოს, კოწია!

***

ერთმა პოეტმა თავისი ლექსების რუსული თარგმანი გამოსცა წიგნად. გალაკტიონი შეხვედრია:
– შესანიშნავია, ძამიკო, ახლა ნახე კარგი მთარგმნელი და ქართულად ათარგმნინე.
– “მე და ბარათაშვილის” ავტორს ერთ სალიტერატურო საღამოზე უთქვამს:
– “ლექსის ვეფხვი და გრიგალი მე ვარ და გალაკტიონი”.
გალაკტიონი შეხვედრია და ეუბნება:
– კარგია, ძამიკო ალიო, მხოლოდ ერთი ასო უნდა შეცვალო: “მე ვარ და” კი არა, “მოვარდა”.

***

ერთხელ ტერენტი გრანელმა გალაკტიონს გაუგზავნა თავისი ლექსები ფოსტით და წერილიც მიაყოლა, აბა შემიფასეო…
გალაკტიონისგან მიიღო პასუხი:
– კარგია, ბიძიკო, წერა-კითხვას მაინც ისწავლი. წერე, წერე.

***

გალაკტიონი გაჭირვებაში ცხოვრობდა, ხოლო ირაკლი აბაშიძეს არ უჭირდა. ერთხელ მიდიოდა გალაკტიონი ფეხით და გვერდზე ჩაუარა ირაკლი აბაშიძემ მანქანით, თვითონ უკანა სავარძელზე იჯდა, მანქანას კი მძღოლი მართავდა. გალაკტიონს სახლში წაყვანა შესთავაზა.
გალაკტიონი მძღოლს მიუჯდა გვერდით და ეკითხება, თან ისე, რომ ირაკლი აბაშიძისკენ არც კი იყურება:
– რა გქვია შენ??
– თენგიზი მქვია, ბატონო გალაკტიონ.
– თენგიზ, ლექსებს წერ??
– არა ბატონო გალაკტიონ. რა ვიცი მე ლექსის წერა??
– არც შენმა ხაზეინმა იცის წერა, მარა ხო წერს.

***

ერთხელ გალაკტიონს პირობა მიუცია საკუთარი თავისთვის – დუქანს ისე ავუვლი გვერდს, რომ არ შევალ და ღვინოს არ დავლევო.
მართლაც აუვლია გვერდი და რამოდენიმე ნაბიჯით რომ გასცდა დუქანს, მოტრიალდა და საკუთარ თავს უთხრა:
– რადგან პირობა შეასრულე, ღირსი ხარ შეხვიდე და ერთი ჭიქა ღვინო დალიოოო.…

***

ერთხელ ჩიტი შენარცხებია მანქანის ფანჯარას, ქუთაისისკენ მიმავალ გალაკტიონს გაუჩერებია ავტომობილი, ჩიტი დაუმარხავს და ისე გაუგრძელებია გზა.

ოპერის თეატრში გალაკტიონის სამწერლო მოღვაწეობის 50 წლისთავი აღინიშნა. ტაში და ოვაციები პოეტს ნამდვილად არ დაჰკლებია, მაგრამ საღამოს დამთავრების შემდეგ უნახავთ, სახლისკენ მარტოდმარტო ფეხით მიდიოდა.

***

მწერალი ნოდარ დუმბაძე კი გალაკტიონთან დაკავშირებით ყოველთვის ერთ ისტორიას იხსენებდა:
– 1945 წელს პლეხანოვზე ბუკინისტს თვალსა და ხელს შუა ავაცალე გალაკტიონის ყდაგაცრეცილი რჩეული, რომელიც 100 მანეთი ღირდა და სახლში მისულმა უსინდისოდ დავაწერე ” “ჩემი გალაკტიონი!”
ამავე წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა. შემდეგ ეს შეხვედრა ოდნავ შეცვლილი სახით, რომან “მზიან ღამეში” აღვწერე. კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტიონთან ჩემთვის დიდად ღირსშესანიშნავი.
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი.
– გამარჯობა, ძამიკო, – მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი.
– გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? – ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
– წამოდი, ძამიკო, ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
– ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო,
გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად.

***

პოეტი ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონზე:
მახსოვს: გროშებს ესესხებოდა ავანსად მორიგ ჰონორარამდე მინა-მოლარეს.
1959 წლის 17 მარტს კი ჯიბეში 281 მანეთი, ანუ ახლანდელი კურსით 28 მანეთი და ათი კაპიკი ედო და შემნახველ სალაროში დღევანდელი ანგარიშით 2629 მანეთი და 46 კაპიკი ერიცხებოდა – ალბათ, ჩვენი რჩეულის ჰონორარიდან.
ყაირათიანი მხარჯველი ვერ იყო და ვერც იქნებოდა.
ამიტომ უფულო დღეები სჭარბობდნენ ფულიანებს.
რა თქმა უნდა, სხვა მილიარდები იგულისხმება და შეიძლება მხოლოდ გაიღიმოთ ამ ორი სტრიქონის წაკითხვის შემდეგ:
საუკუნეში ათასში ერთხელ ჩემგვარ გენიით ბრწყინავს პარტერი,
საუკუნეში მხოლოდ ერთია ქვეყნად ჩემგვარი მილიარდერი.