Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ამ ძეგლებს უნდა ვუშველოთ”

12 ივნისი, 2017

"ამ ძეგლებს უნდა ვუშველოთ"ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოფელ გომარეთის ეკლესიების სასაფლაოებზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

“გომარეთული შედევრები” – ასე უწოდებს იმ იგი ბარელიეფსა თუ გორელიეფს, რომლებიც ამ სასაფლაოებზეა შემორჩენილი.

გიორგი კალანდია:

“იმან, რაც სოფელ გომარეთის ეკლესიების სასაფლაოებზე ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ქართული ქვითმქანდაკებლობის შედევრებია, ათობით უნიკალური ძეგლი უძველეს სასაფლაოებზე მიმოფანტულა, ბევრი უკვე დაღუპულა, ბევრიც დაღუპვის პირასაა, უამრავი გადაცვივდა ხევში (მოგეხსენებათ, სასაფლაო მუდმივად მოქმედებაშია, იკრძალებაიან ახლადშესვენებულები, იკარგება ძველების ხსოვნა და ქვა ერთად). ბევრ ქვას უბრალოდ დრო და კლიმატური პირობები სპობს, არადა რა დასანანი იქნებოდა მათი ქართული ხელოვნებისათვის სამუდამოდ გაქრობა. თითქმის ყველა გადარჩენილი ბარელიეფი, თუ გორელიეფი ისეთი ხელოვნების ნიმუშია, რომ თამამად შეგიძლია მუზეუმში გამოფინო და იამაყო შენი წინაპრების (უბრალო სოფლის უბრალო გლეხების) ნიჭიერებით და ესთეტიკით.

დიახ, მსოფლიოს უდიდესი და წამყვანი მუზეუმები სწორედ ეგრეა – მათი დარბაზების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სარკოფაგებს და მათზე გამოქანდაკებულ შესანიშნავ ფიგურებს ეძღვნება (ათენში, რომში, სტამბულში).

ექსპედიციის დროს ველაპარაკეთ სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლებს, ამავე ეკლესიის შესანიშნავ მამაოს, ყველა მზადაა იმოქმედოს ამ ძეგლების გადასარჩენად, ყველა დაგვეხმარება, ყველა თანხმდება, რომ უძველესი სასაფლაოს უძველესი ქვები ნადგურდება.

ასე რომ, ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ, დარწმუნებული ვართ ჩვენი ძეგლთა დაცვის სააგენტო თავისი შესანიშნავი სპეციალისტებით ამ პროცესში ჩაერთვება, საპატრიარქოც მხარში დაგვიდგება, ფინანსები მზად ვართ, ჩვენ მოვიძიოთ და სოფლის მოსახლეობის და სტუდენტობის ჩართულობით ამ ძეგლებს უნდა ვუშველოთ, თუ რომელიმე მათგანის ადგილზე შენარჩუნება შეიძლება, შევინარჩუნოთ (თუმცა ძალიან ძნელია და სარისკო), დანარჩენი ხრამში გადაცვენილებიდან საუკეთესოები უნდა ამოვიტანოთ. ასევე უნდა გავწმინდოთ მიწისაგან და ხავსისაგან ისინიც, რომელთა გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება, მათ ნამდვილად ეკუთვნის სამუზეუმო სივრცე (რომელსაც ჩვენ არ დავიშურებთ) და გადარჩენა მომავალი თაობებისათვის.”

იხილეთ ”გომარეთული შედევრები”-ს ფოტოგალერეა: