25 ივნისი, 2017

7 წლის ქართველმა პიანისტმა პირველი პრემია მოიგო

7 წლის ქართველმა პიანისტმა ლუკა კაკაბაძემ თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მოიგო.

ინფორმაცია პიანისტმა და მუსიკათმცოდნემ ნინო ჟვანიამ გაავრცელა:

“ეს “ნიჭიერთა ათწლედის” პირველი კლასის მოსწავლე ლუკა კაკაბაძეა, რომელსაც 16 ივნისს შეუსრულდა სულ რაღაც 7 წელი!

ამ არაჩვეულებრივი შესრულებით მან პირველი პრემია მოიპოვა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე! ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო ფაქტია, რომ ლუკა თამუნა ჟვანიას კლასის მოსწავლეა… ვულოცავ ჩემს დაიკოს საერთაშორისო კონკურსის პირველ ლაურეატ მოსწავლეს!

ერთია, როდესაც სტუდენტს ამეცადინებ, მეორე კი – როცა პატარას სულ თავიდან აწყებინებ დაკვრას. რაღაცით ემსგავსები მშობელს, რომელთანაც ბავშვი ენას იდგამს! რა მაგარია, ალბათ, როდესაც ხედავ, რომ ბავშვი აშკარად სრულყოფილად დაეუფლება ამ ენას! ლუკამ ენა კი არ აიდგა, ჩათვალეთ, უკვე სერიოზულ ლიტერატურულ ნაშრომებს კითხულობს.

ვულოცავ კონკურსის ყველა ლაურეატს, მათ პედაგოგებს, სკოლებს და კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ, ვისაც მოეკითხება: ხალხო, მიხედეთ მუსიკას! ამ ხარისხის ნიჭის ესოდენ დიდი კონცენტრაცია, პლუს ასეთი პროფესიული კადრები – ბევრი ქვეყანა კი ვერ დაიკვეხნის ამგვარი მაჩვენებლებით!

და ამისთანა მაჩვენებლების ფონზე, ყოველწლიურად მცირდება კონსერვატორიის სტუდენტთა კონტიგენტი. მიზეზებზე არ ვწერ… აქ მხოლოდ პოზიტივზე მინდა აქცენტის გაკეთება… მოკლედ ვიტყვი: ეს ამბავი მისახედია!

მადლობა ამ კონკურსის ორგანიზატორს, ტატა ლიჩელს, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა მივხედოთ საქმეს, და ასევე მადლობა მათ, ვინც მას მხარში უდგას.”