3 ივნისი, 2017

„როცა სიკვდილი მეხივით გავარდება სამშობლოს ცაზე…“

შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ მიერ ინიცირებული პროექტი „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის საქართველოს მასშტაბით აღნიშვნას ითვალისიწინებს. იგი 3 აპრილს ქუთაისიდან დაიწყო და უკვე 10 მუნიციპალიტეტში განხოერციელდა.

მეათე აქტივობა 30 მაისს აბაშის მუნიციპალიტეტში შედგა. პროექტი არსებობის მესამე თვის ათვლას 5 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყებს.

ადგილობრივი მაყურებელი იხილავს გამოფენას ილიას ჭავჭავაძის თემაზე და სპექტაკლს „საუკუნის მკვლელობა“, რომელიც დიდი ექსპრესიით გვიყვება ილიას ცხოვრების გზას – „აქ, სამშობლოზე ზრუნვისა და მისადმი სიყვარულისათვის განაჩენი გამოტანილია… და გზას 1907-ის სისხლიან 30 აგვისტომდე მივყავართ… როცა სიცოცხლე მსხვერპლადაა მიტანილი სამშობლოს და საკუთარი ხალხის სიყვარულის საკურთხეველზე… როცა ვიღაცისთვის „ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივა“… როცა მთელ საქართველოში გუგუნებენ სამრეკლოები, საიდანაც ჯერ კიდევ არ ჩამოხსნილა ზარები იმპერიის ზარბაზნებისთვის… როცა სიკვდილი მეხივით გავარდება სამშობლოს ცაზე… მაშინ კაცის ტრაგედია ერის ტრაგედიად გადაიქცევა!“

დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრის სცენაზე, 5 ივნისს, 18 საათზე კიდევ ერთხელ შეეძლება მაყურებელს თვალი გადაავლოს და მრავალი სიახლე გაიგოს ერის მამის – ილია ჭავჭავაძის შესახებ.