9 ივნისი, 2017

პოლიციამ ორი რეპერი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი – 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მომხდარს გამოეხმაურა რეპერი ზაზა ნოზაძე. მისი თქმით, დაკავებულები არიან რეპერები მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic) და გიორგი ქებურია (KayG). რეპერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მისი კოლეგების დაკავება იმ ვიდეოს უკავშირდებოდეს, რომელიც „ბირჟა მაფიის“ სახელით ინტერნეტში გავრცელდა.

ზაზა ნოზაძე:

„პრეცედენტი არ ყოფილა მსგავსი, კომიკური ვიდეოს გამო (დაჟე სააკაშვილის დროს) ვინმეს ვინმე დაეჭირა და თან ასეთი მუხლებით…
მიშკა ჩემი მეგობარია და ცხოვრებაში ნარკოტიკული საშუალება არ აქვს გასინჯული, იმავეს თქმა შემიძლია გიორგიზეც, რამდენადაც ვიცნობ.
არავის არაფერი შერჩება!
ეგრეც არ ბნელა!
არც ისე ცოტა ვართ, იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, რაც ხდება!“