Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უცნობი ექსპონატები ტაო კლარჯეთიდან

26 ივნისი, 2017

უცნობი ექსპონატები ტაო კლარჯეთიდან26 ივნისს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია “ექვთიმე თაყაიშვილი და ტაო-კლარჯეთი”.

კატალოგი ეძღვნება 1917 წელს სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციის 100 წლის იუბილეს და მასში შესულია ბევრი უცნობი და საინტერესო, ტექსტური და ვიზუალური მასალა, ექსპედიციის შედეგად მიღებული ფოტოები, ნახაზები, ნახატები, ბარელიეფები და ქანდაკებები, დღეს უკვე ექსპონატები, რომლებიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.

ზუსტად 100 წლის წინ, 1917 წელს, ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ ყველაზე ცნობილი, ყველაზე გამორჩეული და ისტორიული ქართული სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყო. თამამად შეიძლება ითქვას რომ ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ რეალურად პირველად მაშინ აღმოაჩინა ტაო-კლარჯეთი და მისი დიდებული არქიტექტურა.

აღსანიშნავია, რომ ამ ექსპედიციის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მასალა ხელოვნების სასახლეშია დაცული, მიზეზი მარტივია – ექსპედიციის ოთხი წევრი (მ.ჭიაურელი, ი.ზდანევიჩი, ლ.გუდიაშვილი, დ.შევარდნაძე) მოგვიანებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა ქართულ თეატრში. სწორედ ამიტომ მათ არქივებთან ერთად სამხრეთ საქართველოდან ჩამოტანილმა საგანძურმა კინოსა და თეატრის მუზეუმში დაიდო ბინა.

ისტორიული პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია ზვიად კორძაძის თანადგომა, მან ექვთიმეს ხელნაწერი შრიფტად აქცია, რის შედეგადაც კატალოგში შესული ტექსტები ექვთიმეს კალიგრაფიით დაიბეჭდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს ფოსტის მხრიდან მასშტაბური პროექტისადმი გამოხატული დიდი ინტერესი და ფინანსური მხარდაჭერა.

წიგნის მომზადებაში მისი ავტორები გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდიან “ტურიზმის განვითარების ცენტრს”.