20 ივნისი, 2017

„ქართული პორტრეტების“ სერიის საუკეთესო ნიმუშები ხელოვნების სასახლეში

22 ივნისს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლე გიწვევთ, ქართველი მხატვრის, კალიგრაფის, წიგნის ილუსტრატორის, მრავალი ქართული და უცხოური გამოცემების დამსურათებლის, ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენის გახსნაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 100-მდე ნამუშევარი მხატვრის ადრინდელი პერიოდის გრაფიკულ ნახატებს, „ქართული პორტრეტების“ სერიის საუკეთესო ნიმუშებსა და კალიგრაფიულ მხატვრობას აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ ოთარ მეგრელიძე არაერთი ქართული და უცხოური გამოცემის, მათ შორის სასკოლო ლიტერატურის დამსურათებელია. იგი ორიგინალური სტილის გრაფიკოსია, რომელსაც ამავე დროს შთამბეჭდავი ნამუშევრები აქვს ისეთ შემოქმედებით მიმართულებებში, როგორიცაა ქსოვილის დიზაინი, ბატიკა, გობელენი, პოპარტი, ფერწერა და ანიმაციის გრაფიკა.

2010 წლიდან ხელოვანის ნამუშევრები ინახება მოსკოვის თანამედროვე კალიგრაფიის მუზეუმში.
ოთარ მეგრელიძის ნახატები არაერთხელ გამოიფინა საქართველოს, ჰოლანდიის, გერმანიის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და სერბეთის სხვადასხვა ქალაქებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, იაპონიის, საფრანგეთის, ინგლისის, აშშ-ს, ჰოლანდიის, ესპანეთის, გერმანიის და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.

გამოფენა ქართული ხელოვნების ფესტივალის “ქართული სული” ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში 30 ივნისამდე გაგრძელდება.