22 ივნისი, 2017

“კიმონო” დაიხურა

გადაცემა “კიმონო”, რომელიც კინოხელოვნებას ეძღვნება, დაიხურა.

ინფორმაცია ამის შესახებ გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა გაავრცელა:

“როგორც იცით გადაცემა „კიმონო“ 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტელეარხებზე მაუწყებლობდა.

GDS-ის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შემდეგ “კიმონო” პირველი არხის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე გადასვლის მიუხედავად, გადაცემა კონკურსის კულტურულ-შემეცნებითი მიმართულების გამარჯვებული ვერ გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “კიმონო“ ეთერში ამ ეტაპზე ვერ გავა.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კულტურულ-შემეცნებითი მიმართულებით არ მოიძებნა ადგილი ქართული და მსოფლიო კინოს, მთლიანად აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ყველა დარგის სიღრმისეული გაშუქებისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა მაუწყებლებთან და მხარდამჭერებთან მოხდება თანამშრომლობა და მალე დავბრუნდებით ეთერში.”