23 ივნისი, 2017

ალექსანდრე ჟორჟოლიანი – კომიკოსი უდიდესი სევდით

ალექსანდრე – სანდრო ჟორჟოლიანი ქართული კინოს ყველაზე კომიკური პერსონაჟების შემქმნელია. ცხოვრებაში სევდიანი მსახიობი მაყურებელს ყოველთვის ღიმილს ჰგვრიდა.

– სანდრო ჟორჟოლიანი ქართული კომედიის ნიღაბი იყო, – ამბობდა მისი შეუცვლელი პარტნიორი სესილია თაყაშვილი.

სანდრო ჟორჟოლიანის სამსახიობო დებიუტი საკმაოდ გვიან – 33 წლის ასაკში შედგა. პროფესიულ თეატრში მისვლამდე მას 21 წლიანი სამსახიობო სტაჟი ჰქონდა. პირველი როლი დანიელი იყო შილერის “ყაჩაღები”-დან, რომელიც 12 წლსი ასაკში შეასრულა მამის სახლის აივანზე. ერთხელ ისე ღრმად შეიჭრნენ როლში პატარა მსახიობები, რომ შპალერის დეკორაციას ცეცხლი წაუკიდეს და კინაღამ მთელი სახლი გადაწვეს.

მსახიობობამდე სანდრო ჟორჟოლიანი პედაგოგი იყო, თუმცა როგორც კი საშუალება მიეცა, მაშინვე თავი დაანება პედაგოგობას და რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა. მან პირველივე სპექტაკლში მიიქცია მაყურებლის ყურადღება და დიდი სიყვარულიც მოიპოვა.

სანდრო ჟორჟოლიანის თეატრალური ცხოვრების ყველაზე გამორჩეული პერიოდი კოტე მარჯანიშვილთან მუშაობაა. რეჟისორი სრულ თავისუფლებას აძლევდა მსახიობს, არასოდეს ზღუდავდა, მისი ფანტაზიების განხორციელებას ხელს უწყობდა.

მსახიობისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი როლი კოტე მარჯანიშვილის ლეგენდარულ სპექტაკლში “ურიელ აკოსტა” აღმონდა. ბენ აკიბა სანდრო ჟორჟოლიანის შემოქმედების გვირგვინად არის აღიარებული.

ურიელ აკოსტას შემდეგ, მსახიობმა მონაწილეობა მიიღო კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში “ყვარყვარე თუთაბერი”. ყვარყვარეს როლი რეჟისორმა ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მსახიობს – უშანგი ჩხეიძეს და სანდრო ჟორჟოლიანს მიანდო.

მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, სანდრო ჟორჟოლიანის ცხოვრებაშიც დადგა ეტაპი, როდესაც მისი შემოქმედება აღარ გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ჰქონდა დატვირთული თეატრალური სეზონები, მიჩნეულია, რომ მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად არ იქნა გამოყენებული.

სანდრო ჟორჟოლიანს რეჟისორები და მისი კოლეგები ასე იხსენებდნენ:

ვახტანგ ტაბლიაშვილი, რეჟისორი:

– ბოლო პერიოდში შემუშავებული აზრი, თითქოს ჟორჟოლიანი დაიშტამპა, ერთფეროვანი გახდა, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეეფერება. ამ მცდარი შეხედულების ჩამოყალიბებას მომდევნო თაობის რეჟისორებმა შევუწყვეთ ხელი – ჩამოვეკიდეთ მის განუმეორებელ ნიღბებს და ამით ჩვენ თვითონვე “შევუკარით ხელ-ფეხი” მსახიობის მრავალწახნაგოვანი ნიჭის გამომზეურებას.

ფილმის დიდოსტატის მარჯვენა ერთ-ერთ მონაკვეთს ფასანაურში ვიღებდით. იქვე მახლობლად თურმე ჟორჟოლიანი ისვენებდა. ჩვენი ჩასვლის ამბავი გაიგო თუ არა, მაშინვე მოგვინახულა. მასთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო იყო – განათლებული, სიტყვაძუნწი, მაგრამ ენამოსწრებული. შუა საუბრის დროს უცებ მომიბრუნდა და მითხრა, შენ მგონი არც აპირებ ფილმში დამაკავო. გამეცინა და დავპირდი, გადაგიღებ-მეთქი. ბატონი სანდრო მიმიხვდა თვალთმაქცობას, ნაღვლიანად ჩაიღიმა და მომიგო, ტყუილად ფიქრობ, რომ მე მარტო სასაცილო როლების თამაში შემიძლიაო. მის ტონში ნათლად შეიგრძნობოდა ერთგვარი სინანული იმის გამო, რომ სათანადოდ არ მიეცა შესაძლებლობა, სხვა ჟანრშიც ისევე ლაღად გაეშალა ფრთები, როგორც კომედიაში.

მინდა გავიხსენო სანდრო ჟორჟოლიანი ფილმში “ქეთო და კოტე”. ალექსი კერპაძის სახე ფილმში “ქეთო და კოტე” გავიმეორე. როლი ეპიზოდურია, მაგრამ მსახიობმა თავისი განუმეორებელი ნიჭის წყალობით შექმნა დაუვიწყარი ტიპაჟი. ფილმის პირველი დახურული ჩვენება მოსკოვის კინო სახლში ლაურეატებისთვის მოეწყო. ჟორჟოლიანის გამოჩენისთანავე, თითქოს ტალღამ გადაიარაო, დარბაზში ერთიანი სიცილი გაისმა, ხოლო მის ფართო პლანით გამოჩენას და შეძახილს – ვაიმე, მიშველეთ, ჭერი ინგრევა! – მოჰყვა ხარხარი, ტაში და ასე გაგრძელდა დიდხანს, სანამ ჟორჟოლიანი კადრიდან არ გაქრა.

აკაკი ხორავა, მსახიობი:

– ჟორჟოლიანის მოღვაწეობა ქართულ თეატრსა და კინოში დიდი მოვლენაა ჩვენი კულტურის ისტორიაში. დიდმა ნიჭმა მას ხალხის უჭკნობი სიყვარული მოუპოვა, რომელიც თაობიდან თაობაში გადავა.

ვერიკო ანჯაფარიძე, მსახიობი:

– სცენაზე გამოსვლის პირველივე წლებში ჟორჟოლიანი ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და პოპულარულ მსახიობად იქცა. მისი ტალანტის განსაცვიფრებელი თვითმყოფადობა, სცენური სახეების ცხოვრებისეულობა, იუმორის დაუშრეტელი წყარო, რომელიც მასში ცოცხლობდა, კოლორიტული გარეგნობა, საოცრად მოძრავი, გამომსახველი სახით – მსახიობის წინაშე ფართო შემოქმედებით პერსპექტივებს შლიდა. მისი პოპულარობა უსაზღვროა. იგი ხალხისგან განებივრებული საყოველთაო სახალხო არტისტი იყო. სცენაზე და მაყურებელთა დარბაზში მსახიობი დღესასწაულს ქმნიდა. მას ყოველთვის მქუხარე ტაშით და აღტაცებული შეძახლებით ეგებებოდნენ.

ნიკოლოზ სანიშვილი, რეჟისორი:

– ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ფილმ “ბედნიერ შეხვედრას” ვიღებდით. ცალკეული ეპიზოდების გადასაღებად სასაზღვრო ზონაში უნდა შევსვლიყავით. საშვი ავიღეთ და გავემგზარეთ გადასაღები ადგილებისკენ. გზაზე საერთო მხიარულება სუფევდა. განსაკუთრებული ლაზათით ოხუნჯობდნენ ახალგაზრდა მსახიობები გიორგი შავგულიძე და ვახტანგ ნინუა. მათ გადაწყვიტეს სანდრო გაებრაზებინათ, ამიტომ განზრახ ხოტბას ასხამდნენ იქ მყოფ ერთ მართლაც კარგ და შესანიშნავ მსახიობს. მას თავიანთ მამასა და მასწავლბელს უწოდებდნენ, ხოლო ჟორჟოლიანის ხსენებისას ტუჩს აიბზუებდნენ და სხვათაშორის ჩაილაპარაკებდნენ, ჟორჟოლიანსაც არა უშავს, მაგრამ მასთან რას მოვაო. ცხადია ხუმრობა იყო და სანდროც დიდ ყურადღებას არ აქცევდა.

ამასობაში მანქანა საგუშაგო პუნქტს მიუახლოვდა. ახალგაზრდა რუსმა ლეიტენანტმა შეგვაჩერა და საშვი მოგვთხოვა. პირველად მე მივაწოდე ჩემი საბუთები, შემდეგ იმ მამისა და მასწავლებლის საშვი გადაათვალიერა გულმოდგინედ. ჯერი ჟორჟოლიანზე მიდგა. სანდრომ გულის ჯიბიდან ამოიღო პასპორტი და მორიგეს გაუწოდა. ლეიტენანტმა მსახიობს შეხედა, წამით შეყოვნდა, დააკვირდა სანდროს, სიამოვნებისგან სახე გაებადრა და მესაზღვრეებს გასძახა. ჯარისკაცები მყის იქვე გაჩნდნენ.

– ბიჭებო, შეხედეთ, კინომსახიობი ჟორჟოლიანი. “უკანასკნელი მასკარადი” ხომ გახსოვთ? “დარიკო”, “დაკარგული სამოთხე”, “ნარინჯის ველი”, შევხედე თუ არა, მაშინვე ვიცანი.

რუსი ჯარისკაცები ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ სანდროს და იღიმებოდნენ.

– პასპორტების შემოწმებით დროს არ დაგაკარგვინებით, შეგიძლიათ მიბრძანდეთ! – წამოიძახა საყვარელი მსახიობის ნახვით გახარებულმა ლეიტენანტმა.

სანდრო იქვე მიუბრუნდა შავგულიძეს და ნინუას და ნიშნის მოგებით მიახალა – ეგეც თქვენი მამა-მასწავლებელი.