3 მაისი, 2017

“თუ სახელმწიფო გქვია, თუ გაწუხებს შენი ქვეყნის უძველესი კულტურა…”

– ეროვნული პროდუქტი, მხოლოდ საჭმელი და სასმელი არ არის და ცოტა სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული ნაწარმის შექმნაზეც უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, რომლის წარმოებას ბევრი დრო და შრომა სჭირდება, – აცხადებს ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, რომელიც 2 წელია ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ფილმს იღებს და არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს.

ნიკოლოზ ხომასურიძე:

“2017 წელს რომ ასეთ საშინელ დღეშია სახელმწიფოსა და ბიზნესის ეროვნული თვითშეგნება და ყანწს ვერ გასცილებია პატრიოტიზმის იდეოლოგია (მხოლოდ ერთეულებს არ ეხება), წარმომიდგენია 1921 წელს რა იქნებოდა და რა ბრძოლები გაიარა ექვთიმე თაყაიშვილმა 24 წლის მანძილზე და შემდეგაც.

მართლა არ გვესმის დღეს, ამ დემოკრატიულ საქართველოში რატომ ან ვისგან ექმნება ექვთიმეს მხატვრულ ფილმს ასეთი ბარიერები, რომ ყველა ჩუმადაა, ვითომ არაფერი არ ხდება. ეროვნული პროდუქტი, მხოლოდ საჭმელი და სასმელი არ არის და ცოტა სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული ნაწარმის შექმნაზეც უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, რომლის წარმოებას ბევრი დრო და შრომა სჭირდება.

თუ სახელმწიფო გქვია, თუ გაწუხებს შენი ქვეყნის უძველესი კულტურა და თუ ერთი წვეთი მაინც გაქვს ქართული სისხლი შერჩენილი, როგორ შეიძლება არ დაუჭირო მხარი ექვთიმე თაყაიშვილისა და ქართული საგანძურის ასეთი გამორჩეული ისტორიის გაცოცხლებას. მით უმეტეს, რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა ასეთი რთული გზა გაიარა 2 წლის მანძილზე და მხოლოდ 4 გადასაღები დღე დარჩა ფილმის დასამთავრებლად.

ნახეთ ფილმის ერთ-ერთი სცენა და მოისმინეთ ქართული ხმების კვარტეტის არაჩვეულებრივი შესრულება. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ძვირფას, გამბედავ და პატრიოტ მხარდამჭერებს, რომლებთან ერთადაც მალე ვიზეიმებთ ამ დიდ გამარჯვებას! გახდით ქველმოქმედი შემოქმედი! ფილმის საბანკო ანგარიში ლარში: “თიბისი ბანკი” / # GE66 TB70 6673 6020 1000 04 . მიმღები – “დაკარგული ლეგენდები”