20 მაისი, 2017

სასტუმრო ქუთაისის მწერალთა სახლის ადგილას

გასულ ზაფხულს ქუთაისში მწერალთა სახლს ხანძარი გაუჩნდა. შენობა ამორტიზებულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება. სწორედ ამიტომ მწერალთა სახლის ნაცვლად, ამ ტერიტორიაზე სასტუმრო აშენდება.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივ პრესას დაუდასტურა:

“მწერალთა სახლი ამორტიზებულია, ამასთანავე არაერთხელ იყო საუბარი იქ არსებულ ანტისანიტარიაზე, ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლებისგან შენობა, მოვიძიეთ ინვესტორი და ჩვენი პირობებით გაგვაქვს აუქციონზე – იქ არსებული უნიკალური ბაღი უნდა შენარჩუნდეს, მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის კი შეიქმნას გარემონტებული ფართი, თავისი დარბაზებით, რომ იქ შეხვედრები ჩატარდეს. პარალელურად კი აშენდება სასტუმრო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის,” – განუცხადა შოთა მურღულიამ “ქუთაისი პოსტს”.