29 მაისი, 2017

რატომ მოიკლა თავი გოჩა აბაშიძემ?

“მაია წყნეთელი”, “გლახის ნაამბობი”, “ჩვენი ეზო”, “ცისკარა” – მხოლოდ ამ ფილმების დასახელება კმარა, რომ ყველას თვალწინ დაუდგეს ახოვანი და სიმპათიური მსახიობი გოჩა აბაშიძე, რომელიც 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა მხოლოდ ათამდე ფილმში მოასწრო მონაწილეობის მიღება, მან თავი სამუდამოდ დაამახსოვრა მაყურებელს.

”არტ ინფო” მსახიობის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს გაგაცნობთ:

გოჩა აბაშიძის ხანმოკლე ცხოვრება სავსე იყო მოულოდნელობებით და უსიამოვნებებით. მამა დაპატიმრებული და გადასახლებული ჰყავდა. სანამ მამა სასჯელს იხდიდა, დედა გათხოვდა. ავადმყოფობის გამო გათავისუფლებულმა და სახლში დაბრუნებულმა მსახიობის მამამ დედას სთხოვა, დაბრუნდი და ბავშვების გამო ყველაფერს გაპატიებო, თუმცა ქალმა ოჯახში მიბრუნება აღარ ისურვა.
მიუხედავად იმისა, რომ საყვარელ გოგონაზეც იქორწინა და შვილიც ეყოლა, მას მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია. გოჩა აბაშიძემ თავისი ცხოვრება კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას დაუკავშირა, რომელიც მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა სკოლის მოსწავლე იყო, ისინი მაინც დაქორწინდნენ, თუმცა ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა.

გოჩა აბაშიძესთან პირველ შეხვედრას კომპოზიტორი ასე იხსენებს:

“სკოლას ვამთავრებდი, როცა გოჩა გავიცანი. მეგობართან ერთად დაბადების დღეზე წავედი, სადაც ორი მსახიობი გოჩა აბაშიძე და ნუკრი ალხაზიშვილი დაგვხვდა. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო გოჩა აბაშიძე. დაბადების დღიდან რომ წამოვედით, გოჩამ გამოგვაცილა. მეორე დღეს კი გოჩა სახლში გამომეცხადა. ძალიან უშუალო იყო და ამ უშუალობით მიიქცია ჩემი ყურადღება. ის ჩემთვის უახლოესი მეგობარი გახდა, მას ყველაფერს ვუყვებოდი. მისთვის ნამდვილად არ შემიხედავს როგორც მამაკაცისთვის. როცა გოჩამ სიყვარული ამიხსნა, ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავი იყო. ვუთხარი, როცა სიყვარული გაგივლის, მაშინ მოდი. შენ ჩემთვის ძმასავით ხარ და სხვანაირად როგორ შემოგხედო, ან, რა დროს ჩემი გათხოვებაა-მეთქი. გოჩა წავიდა და რამდენიმე დღე აღარ გამოჩენილა. ერთ საღამოს კი თავის მეგობართან ერთად მოვიდა. მისმა მეგობარმა თქვა, ძლივს გადავარჩინე, მტკვარში ხტებოდაო. მაშინ გოჩას ვუთხარი, ჯერ სკოლა უნდა დავამთავრო, მერე უმაღლესში ვისწავლო, მერე უნდა ვიმუშაო-მეთქი. ისიც უყოყმანოდ დამთანახმდა, მაგრამ ერთი პირობით – ხელი უნდა მოგვეწერა, რომ არ გადამეფიქრებინა.”

მართლაც ნუნუ გაბუნიამ და გოჩა აბაშიძემ ყველასგან მალულად ხელი მოაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმდნენ, ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, როდესაც მსახიობმა თავისი რჩეული სახლში მიაცილა, დედამისს ქორწინების მოწმობა აჩვენა. რა თქმა უნდა, ამ ამბავს კომპოზიტორის დედა არ გაუხარებია.

მათ ქალიშვილი მანანა შეეძინათ, თუმცა როგორც ამბობენ, წყვილს შორის მესამე პირი ჩადგა და გავრცელებული ინფორმაციით, არც მეტი, არც ნაკლები ეს მსახიობი ლეილა აბაშიძე იყო.

თავად ნუნუ გაბუნია ამტკიცებს, რომ ლეილა აბაშიძე გოჩა აბაშიძის ოჯახის უახლოესი ნათესავი იყო, თან ლეილა გოჩაზე ბევრად უფროსი იყო. გოჩა აბაშიძის გარდაცვალების შემდეგ ამბობდნენ, რომ მსახიობმა საწამლავი სწორედ ლეილა აბაშიძის გამო დალია, თუმცა თავად კომპოზიტორი აცხადებს, რომ ლეილა აბაშიძე გოჩას სიკვდილში დამნაშავე არ არის:

“გოჩას ცხოვრებაში ბევრი ისეთი რაღაც მოხდა, რამაც, საბოლოოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა. კაცი, ვისაც დედამისი ცოლად გაჰყვა, მამამისის მეგობარი იყო. ის კაცი კი მოვიდა და მამამისის სახლში ცხოვრობდა. მეგობრები დასცინოდნენ, მამაშენის მკვლელი სახლში როგორ შემოუშვიო, გოჩას ხშირად ჰქონდა მასთან უსიამოვნება. ამას ისიც დაემატა, რომ ვალი ჰქონდა. მანქანა ჰყავდა. იმ იმედით გაყიდა, რომ როლზე დამამტკიცეს, ფულს დავამატებ და ახალს ვიყიდიო, დიდი თანხა გადაუხადეს, მაგრამ მყიდველმა მანქანა უკან მიუყვანა და უთხრა, ბევრი ვიწვალე, ვერაფრით ვერ გადავიფორმე და თანხა დამიბრუნეო. დედამისთან ჰქონდა ფული მიბარებული, დედასთან რომ მივიდა, ფული დახარჯული დახვდა. კინოსტუდიაში გაიქცა, იფიქრა ფულს ავანსად ავიღებო, მაგრამ დამტკიცებული როლიდან მოხსნილი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი წელი სამუშაოს გარეშე დარჩებოდა. მდივანს გაუგია, გოჩას თავის მოკვლა უხსენებია, კინოსტუდიის დირექტორს კი უთქვამს – იცი, რას გეტყვი, შენ კი არა, აგერ, შავგულიძე მოკვდა და იმას არავინ გაჰყოლია თანო. იმ დროს ლეილა და დევი აბაშიძე კინოსტუდიაში იყვნენ, გოჩა კინოსტუდიიდან გიჟივით გავარდა, კინოსტუდიის დირექტორმა ლეილას სთხოვა, გაყევი, თავს მართლა არაფერი აუტეხოსო. როცა გოჩა სახლში მივიდა, შაბიამანი დალია. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, ექიმმა ჰკითხა, კრისტალები გადაყლაპეო? ალბათ, უთხრა არაო, თორემ, კუჭის ოპერაცია რომ გაეკეთებინათ, გადარჩებოდა. ერთი კვირა იცოცხლა. მერე მისი მეგობრები მოდიოდნენ და მთხოვდნენ, მისი ცოლი ხარ და პანაშვიდებზე მოდიო, მაგრამ მხოლოდ დაკრძალვას დავესწარი.”

გავრცელებული ინფორმაციით, ნუნუ გაბუნია და ლეილა აბაშიძე წლების შემდეგ ერთ-ერთ ოჯახში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ლეილა აბაშიძემ თქვა – ღმერთის და ნუნუს წინაშე ბოდიშს ვიხდიო, რაზეც ბორის წიფურია აღფრთოვანდა, ეს რა თქვიო.

ნუნუ გაბუნიას მიაჩნია, რომ გოჩა აბაშიძისთვის ყველაფერი უნდა ეპატიებინა, რადგან მსახიობი ბევრჯერ მივიდა საყვარელ ქალთან და პატიება და შერიგება სთხოვა:

“გოჩასთვის მეც უნდა მეპატიებინა. ბევრჯერ მოვიდა და პატიება მთხოვა. ერთხელ ტაქსითაც კი მიტაცებდა, მაგრამ, მძღოლმა გადმოგვყარა – პრობლემები არ მჭირდებაო. ვერაფრით ვერ დააჯერა, რომ მისი ცოლი ვიყავი. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ოფიციალურად გაყრილები არ ვყოფილვართ. მისი ცხოვრება თავიდანვე მხოლოდ უსიამოვნებებით იყო სავსე – მეგობრებს რომ არ გაემახვილებინათ ყურადღება, მამაშენის მკვლელი სახლში როგორ შემოუშვიო, იმ კაცს მისთვის მანქანა რომ არ დაებრუნებინა უკან, როლიდან რომ არ მოეხსნათ, იმ ექიმებს დროულად რომ გამოეჩინათ ყურადღება, ის ასე ადრე არ წავიდოდა ამქვეყნიდან. ლეილა კი მეცოდებოდა კიდეც, იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვიღაცეები მიდიოდნენ მის სახლთან და ფანჯრებს ქვებს უშენდნენ.”