25 მაისი, 2017

„ოქროს პეპელა“ – საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

29 მაისიდან 2 ივნისამდე თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელა“. ფესტივალში მონაწილეობენ მოზარდები უკრაინიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და საქართველოდან.

ფესტივალზე 42 მოკლემეტრაჟიანი – 7 წუთამდე მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი იქნება წარმოდგენილი. სელექციის შედეგად საკონკურსო პროგრამაში 18 წლამდე მოზარდების 30 ფილმი მოხვდა.

კინოფესტივალის ჟიური „ოქროს პეპელა“-ს გამარჯვებულებს პირველ ივნისს გამოავლენს და დააჯილდოვებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ანიმაციური ფილმი, რეჟისურა, ოპერატორული ნამუშევარი, სცენარი, საუკეთესო მსახიობი გოგონა და ბიჭი, მინტაჟი, გახმოვანება, მუსიკალური გაფორმება, დოკუმენტური ფილმი, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ საუკეთესო ფილმი.

ფესტივალის გამარჯვებულებს ელოდებათ სიურპრიზი – ვიდეო ჩართვით მათ გამოაცხადებენ მსოფლიო კინოს ცნობილი სახეები, ასეთ პრეცედენტს ადგილი ჰქონდა გასულ წელს – 2 ნომინაციაში გამარჯვებულები წარადგინეს ოსკაროსანმა მსახიობმა კოლინ ფერტმა და ასევე ცნობილმა მსახიობმა დომინიკ ვესტმა.

კინოფესტივალს „ოქროს პეპელა“ საკონკურსო პროგრამის გარდა არასაკონკურსო და სასწავლო-საგანმანათლებლო ნაწილიც აქვს. მოზარდები ხვდებიან გამოჩენილ კინომოღვაწეებს, პრაქტიკოს კინომუშაკებს და ადგილზე ეცნობიან თანამედროვე კინო-ტექნოლოგიებს, მონაწილეობენ კინო-ეტიუდებში და სწავლობენ სინთეზური მუშაობის უნარ-ჩვევებს.

პროექტის მიზანია აღმოაჩინოს, წაახალისოს და საზოგადოებას გააცნოს კინოხელოვნების მოყვარული ნიჭიერი ბავშვები და მათი შემოქმედება, აგრეთვე გამარჯვებულები წარადგინოს საერთაშორისო კინოფორუმებსა და ფესტივალებზე.

წელს ფესტივალი ერთდროულად ეძღვნება ხმოვანი კინოს და ჟანრი “კინო-მიუზიკლის” დაბადების 90 წლის იუბილეს.

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა-2017“-ის პროგრამის ძირითადი ნაწილი გაიმართება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თატრში.

ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი და შ.პ.ს. ევროპული სკოლა.

2013 წლიდან „ოქროს პეპელა“ ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის ECFA-ს წევრია.