15 მაისი, 2017

“ნუ იძაბებით!”

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ რამდენიმე დღის წინ სოჭში კონცერტი გამართა და კრიტიკაც დაიმსახურა. მომღერალს რუსეთის ტერიტორიაზე ჩასვლა და კონცერტის ჩატარება არ აპატიეს და სამშობლოს მოღალატეც უწოდეს.

ნინო ჩხეიძემ ყველანაირი ბრალდება მოისმინა და გადაწყვიტა კრიტიკოსებისთვის ეპასუხა:

“12 მაისს სოჭში გაიმართა ჩემი სოლო კონცერტი, რომელმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. კონცერტს ესწრებოდა 800 ადამიანი და მათგან 98% ქართველები იყვნენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს ასეთი თბილი დახვედრისთვის და სიყვარულისთვის. თითქმის ყველა სიმღერა, რაც შევასრულე, ზეპირად იცოდნენ და ჩემთან ერთად მღეროდნენ.

კონცერტის მერე თითოეული მათგანი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, თუ როგორი ბედნიერები არიან იმით, რომ იმყოფებოდნენ ქართულ საღამოზე. კონცერტი ქართულ ენაზე 2 საათზე მეტი გრძელდებოდა, სადაც ჩემთან ერთად არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი “ივერია” და ჩემი მეგობრები გამოდიოდნენ. ორგანიზატორები კი იყვნენ სომეხი ეროვნების ბიჭები, რომლებსაც არანაირი საერთო არ აქვთ პოლიტიკასათან, მათ მითხრეს რომ გამოკითხვის შედეგად იქ მცხოვრებ ქართველებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ ჩემი კონცერტის ნახვა.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ყველა ქართველი მიყვარს სადაც არ უნდა იყვნენ, მითუმეტეს, როცა ვხედავ რა ბედნიერები არიან, როცა მხედავენ და როგორ უყვართ ჩემი სიმღერები. მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანი სოჩაში ცხოვრობს მოსკოვში, იტალიაში, ისრაელში, ამერიკაში, საბერძნეთში, გერმანიაში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მე ყოველთვის სიამოვნებით ვიმღერებ მათვის, სადაც არ უნდა დამიძახონ. მე ვარ ჩემი ხალხის და ჩემი ქართველების მომღერალი. მათ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ აქვთ ქართული ოჯახები, ისინი ზრდიან თავიანთ ბავშვებს ქართული ტრადიციებით და ბევრ მათგანს იმაზე მეტად უყვარს საქართველო, ვიდრე ფარისეველ, ფეისბუქში ჩასაფრებულ რამოდენიმე ადამიანს, რომლებიც ვერც ვერასოდეს მიხვდებიან რას გრძნობენ ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, როდესაც უსმენენ ქართულ სიმღერას და უყურებენ ქართულ ცეკვას გულანთებულები თავისი ქვეყნის სიყვარულით.

არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობს ჩემი ხალხი, ისინი ქართველები არიან და ჩვენ ერთნი ვართ. მე ვფიქრობ, ამ ხალხს უფრო მეტი ყურადღება, მხარდაჭერა და სითბო სჭირდებათ ჩვენგან. ვიმეორებ, ჩემი კონცერტი არ ყოფილა პოლიტიკური, მე ვარ ჩემი ხალხის, ჩემი ქართველების მომღერალი და ყველგან ვიმღერებ მათთვის.

ასე რომ, მეტი პოზიტივი, ხალხნო. ნუ იძაბებით და ნუ ქმნით უბედურებას…”