5 მაისი, 2017

კიდევ ერთი ჯილდო გურამ დოჩანაშვილს

კლასიკოს მწერალს გურამ დოჩანაშვილს არც ჯილდოები აკლია, არც პრიზები და არც პრემიები, თუმცა მისთვის გამორჩეული ჯილდო თავის ერთგულ მკითხველთან შეხვედრაა.

78 წლის მწერალი ეტაპობრივად ხვდება მკითხველს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. მორიგი შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა:

“ყოველთვის, როცა ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში შემოვდივარ, მაშინაც როცა ვსწავლობდი და იმის შემდეგ, აი, დღესაც, ეს უწყვეტი ურთიერთობაა ჩემი, პატივისცემით აღსავსე. ესაა უნივერსიტეტი, სადაც დიდი ივანე ჯავახიშვილი ქუდმოხდილი შემოდიოდა,“ – განაცხადა გურამ დოჩანაშვილმა უნივერსიტეტში სტუმრობისას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის ორგანიზებით მწერალთან შეხვედრა გაიმართა. ქართველი ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ დოჩანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვეს.