24 მაისი, 2017

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელი რეგიონებში აღინიშნება

შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ საქართველოს რეგიონების მასშტაბით აღნიშნავს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელს – პროექტით „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“.

პროექტი აერთიანებს ილია ჭავჭავაძის თემაზე თანამედროვე ფერმწერთა, სკულპტორთა ნამუშევრების გამოფენასა და სპექტაკლის „საუკუნის მკვლელობა“ წარმოდგენას.

საიუბილეო ღონისძიებები 3 აპრილს დაიწყო და უკვე განხორციელდა ქუთაისსა და ბათუმში, ახალციხის, გარდაბნის, მარნეულის, გურჯაანისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში.

პროექტის მომდევნო ორი აქტივობა დამატებითი სიმბოლური მუხტის მატარებელი იქნება და იგი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის აღნიშვნის გარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის კვირეულში იქნება გაერთიანებული.

24 მაისს გამოფენა და სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება ქალაქ ბოლნისში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიცირებული „საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალის“ ფარგლებში.

თავად დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს კი პროექტი განხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სადაც გაცოცხლდება სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი და ამასვე შეწირული ილია ჭავჭავაძის დრამა და მისი თანამედროვე ეპოქის ტრაგიკული პერიპეტიები.

პროექტის სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალი იქნება!